არგენტინის იმ ფორმაციის საფეხბურთო ნაკრებიდან, რომელზეც გულშემატკივრების ყველაზე დიდი ნაწილი ამყარებდა იმედს, მწვანე მინდორს ხავიერ ძანეტი და ერნან კრესპოღა შემორჩნენ. პრინციპში, ხუან ვერონიც ჯახირობს რაღაცას, მაგრამ მის თამაშს ახლა მხოლოდ გართობა თუ ეთქმის. განსაკუთრებით შეჩერება არც პაბლო აიმარსა და ხავიერ სავიოლაზე ღირს, რომლებმაც მათზე გაცემული ავანსები (არგენტინის ეროვნულ ნაკრებში, ყოველ შემთხვევაში) ვერ გაამართლეს და დღეს საშუალო დონის ევროპულ კლუბში საშუალოევროპულად თამაშობენ.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა არგენტინელების მსგავსად, არც ხავიერ ძანეტის ღირსებია მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ამ კაცს საამაყო და სათქმელი მაინც უამრავი დაუგროვდა. მოპოვებულ ტიტულებსაც თავი რომ დავანებოთ, მილანის “ინტერში“ ცოცხალ ლეგენდად ქცეულ ხავიერზე ვერავინ იტყვის, წარუმატებელი კარიერა განვლოო. სანამ “შავ-ლურჯების“ თუნდაც ერთი ქომაგი მაინც იქნება დედამიწაზე, არასოდეს ჩაინავლება ძანეტის სახელი და დიდება. ყველაზე მეტად, ვისზეც გული შეიძლება დაგვწყდეს, ეს ერნან კრესპოა, რომელიც ალბათ ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი გამოდგა გასული ოცწლეულის არგენტინელებიდან.
არგენტინიდან ევროპაში სათამაშოდ გადმოსვლის შემდეგ, ერნანი განსაკუთრებით კარგად, ალბათ, მაინც “პარმაში“, “ლაციოსა“ და “მილანში“ თამაშობდა. ერნან კრესპოს “მილანში“ თამაშისას, ალბათ, გამორჩეული მაინც ის წელიწადი იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში იტალიურმა გრანდმა “ლივერპულთან” პენალტების სერიაში მეტად გულსატკენი მარცხი იწვნია. სტამბოლში გამართული ამ საოცარი ფინალის შესახებ დღემდე ბევრს საუბრობენ და როდესაც იმ თამაშს იხსენებენ და ლივერპულელთა გმირობას, ჯერარდისა და “წითლების“ მეკარის კარგ თამაშს გამოარჩევენ, ყველას ავიწყდება, რომ “მილანის“ ფინალში გასვლა იმ წელს სწორედ ერნან კრესპოს კარგი თამაშის დამსახურება იყო. იტალიელების მიერ ფინალში გატანილი 3 გოლიდანაც 2 სწორედ არგენტინელმა გოლეადორმა მიითვალა. ასეთი წარმატებული სეზონი ახლახანს „აბრჭყვიალებულ“ ბევრ ფსევდოვარსკვლავს არ ჰქონია, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანია, რომლებიც კრესპოს წარმატებულ მატჩებს გაიხსენებენ.
იყო თუ არა ერნან კრესპოს მხრიდან აბრამოვიჩის “ჩელსიში“ გადასვლა შეცდომა? ეს, რასაკვირველია, დიდი შეცდომა იყო და თან ისეთი, რომლის მწარე შედეგები არგენტინელ ფორვარდს დღემდე ყელში აქვს გაჩხერილი. ერნანი ინგლისში არცთუ კარგად მიიღეს. ამას არგენტინელის ტრავმები და გულის აცრუებაც დაემატა და კაცზე, რომელიც გაბრიელ ბატისტუტას საქმის ყველაზე კარგი გამგრძელებელი უნდა ყოფილიყო, ინგლისელმა ჟურნალისტებმა ისეთი ქირქილი ატეხეს, თითქოს ფორმაში არმყოფი და უიღბლო ფეხბურთელი კრესპომდე არასოდეს უნახავთ.
ამას არგენტინის ნაკრებში მწვრთნელთა ცვლის მთელი კასკადიც დაემატა. “ალბისელესტეში“ მისულ ჭკვიან თუ გადარეულ მწვრთნელებს ერთმანეთისაგან ძირეულად განსხვავებული სამწვრთნელო ხელწერა ჰქონდათ. ნაკრებში კრესპოს ზოგი იძახებდა, ზოგს კი, თუ მოეხასიათებოდა, საერთოდ ავიწყდებოდა ამ ფეხბურთელის არსებობა.
ამასობაში, მსახვრალმა სიბერემ ერნანსაც დარია ხელი. უწინარესად, ეს მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე აისახა. თუკი აქამდე ერნანი თავისი დიდი სხეულისა და წონის მიუხედავად, გიჟივით დარბოდა მინდორზე, შემდეგ სირბილსაც მოუკლო და მწვრთნელებმაც თანდათან “გააშინაურეს“ სათადარიგოთა სკამთან. შემდეგ ტრავმებმაც იძალა. ახლა, როდესაც ერნანის საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე, შესაძლოა, რამდენიმე თვეღაა დარჩენილი, საკუთარი თავის აჩრდილად ქცეულ ტანმაღალ კაცს ვხედავთ.
ძალიან მწყდება გული ერნან კრესპოზე. გული მწყდება თუნდაც იმიტომ, რომ ამ კაცს ნამდვილად შეეძლო, უფრო დიდ სიმაღლეებს წაპოტინებოდა და ისეთი სახელი დაეგდო, რომელიც გულშემატკივართა გონებიდან არასოდეს იშლება. როდესაც ერნანი მწვანე მინდვრიდან საბოლოოდ წავა, ეჭვი მაქვს, რომ გავა წლები და ამ კაცის შესახებ არგენტინული ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგების მეტს არც არავის ეცოდინება. არადა, საკმარისია გავიხსენოთ კრესპოს ტალანტი და მისი გატანილი გოლები და ადვილად მივხვდებით, რომ კრესპო დასავიწყებლად ძნელი გასამეტებელია...
ლევან სეფისკვერაძე







