საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ პეტერ ზაიზენბახერს ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე კონტრაქტის ვადა ამოეწურა და რამდენიმე დღის წინ თბილისიდან სამშობლოში გაემგზავრა. ჯერ დაზუსტებით ვერავინ ამბობს, გაგრძელდება თუ არა ავსტრიელ სპეციალისტთან ურთიერთთანამშრომლობა. სავარაუდოდ, მას ქართველი მწვრთნელით ჩაანაცვლებენ, თუმცა იქამდე თავად ძიუდოს ფედერაციაში გაიმართება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.
“მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, პეტერ ზაიზენბახერმა უკვე ოთხი ქვეყნის ძიუდოს ფედერაციიდან მიიღო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის შეთავაზება. ქართული გუნდის ექსთავკაცს თანამემამულეები - ავსტრიელები, აზერბაიჯანელები, ბრიტანელები და ჰოლანდიელები ეპატიჟებიან. ფინანსურ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერავინ საუბრობს, ის კი შევიტყვეთ, რომ ყველაზე სარფიანი ამ ოთხ შეთავაზებას შორის აზერბაიჯანული ვარიანტი ყოფილა.
ოთარ მაღლაკელიძე







