საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. დღეს ბაქოს ხალიჩაზე ჩემპიონ-პრიზიორები 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ და ქართველებმა სამივე წონაში ფინალურ პროგრამაში იჭიდავეს. კვარცხლბეკზე მალხაზ ზარქუა (60 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ) ავიდნენ. ორივე მეორე საფეხურზე.
ზარქუა ფინალში რუს ოპან სატთან სამსეტიან ბრძოლაში დამარცხდა. გოგშელიძემ მხოლოდ 2 სეტი იჭიდავა აზერბაიჯანელ ხეთაგ გაზიუმოვთან, მაგრამ მეტი რომ ვერ შეძლო, ეს თავისზე მეტად, უსამართლო მსაჯობის ბრალია. პირველი სეტის დამატებით 30 წამში მასპინძლის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების უსუსურობა ვიდეოჩანაწერმა აშკარად გამოაჩინა, მაგრამ მსაჯებმა მაინც ჯიუტად გაიტანეს პირველი ჩვენება და სეტი გაზიუმოვს აჩუქეს. მეორე ორწუთეულის ბოლოს კი ნაკლებად აშკარა, თუმც მაინც საეჭვო მომენტი დატოვეს უყურადღებოდ. გოგშელიძის მიერ შესრულებულ ილეთზე თვალი დროის ამოწურვის მომიზეზებით დახუჭეს და ოქროს მედალი აზერბაიჯანელს გაუფორმეს.
დღეს ნაჭიდავებ ქართველთაგან უმედლოდ მხოლოდ გელა საღირაშვილი (96 კგ) დარჩა, რომელმაც ნახევარფინალში წაგების შემდეგ, რეპეშაჟის ფინალშიც წაიფორხილა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
ოთარ მაღლაკელიძე







