ავტოსპორტი

22:05 | 31.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

”ზაუბერის” C30 ტესტებისთვის მზადაა

”ტიმ ლოტუსისგან” და ”ფერარისგან” განსხვავებით, ”ზაუბერმა” თავისი ახალი სარბოლი მანქანა - C30, ვალენსიას რიკარდო ტორმის სახელობის ავტოდრომზე წარმოადგინა. პრეზენტაციაზე ითქვა, გომ გუნდის მთავარი მიზანი, შარშანდელთან შედარებით, წინსვლა და სტაბილურობაა, რაც მას ქულებისთვის რეგულარულად ბრძოლის საშუალებას მისცემს.
სხვა გუნდების მსგავსად, რომლებმაც უკვე ჩაატარეს ახალი ბოლიდების პრეზენტაცია, ”ზაუბერის” მანქანასაც მკვეთრად მაღლა აწეული ცხვირი აქვს. თუმცა, შვეიცარული გუნდის ბოლიდს გასულ სეზონშიც ასეთი ცხვირი ჰქონდა, მაგრამ ამ ორ მანქანას შორის განსხვავებაც ბევრია. მაგალითად, ახალზე უკანა ფრთა ერთ საყრდენზე დგას, რადიატორების კორპუსებს კი, აეროდინამიკურად უფრო დახვეწილი ფორმა აქვს. ახალ მანქანაზე ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორიც გამოიყენეს. რაც მთავარია, გუნდი პირველივე ეტაპიდან გამოიყენებს სისტემა კერს-ს, რომელიც მან ”ფერარისგან” შეიძინა.
”ჩვენი მიზანი, რბოლების მუდმივად ქულებით დასრულებაა, რათა კონსტრუქტორთა პირველობაზე, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. გასული სეზონი, ჩვენი კომპანიის ისტორიაში 41-ე იყო და შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი ყველაზე რთული” - ამბობს ”ზაუბერის” დამაარსებელი და მფლობელი, პეტერ ზაუბერი.
მაგრამ გამოცდილი მენეჯერი დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში, მისი გუნდი უკეთესი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს: ”ადრე ჩვენს წინაშე მანქანის გამძლეობის პრობლემა ასე მწვავედ არ მდგარა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში, ამ პრობლემას გავუმკლავდით. გარდა ამისა, გუნდში სტრუქტურული ცვლილებებიც ჩავატარეთ, რაც მთავარია, ტექნიკურ დირექტორად ისეთი ძლიერი სპეციალისტი მოვიყვანეთ, როგორიც ჯეიმს კეია”.
თავის მხრივ, კეიმ განაცხადა, რომ C30-ის პროექტირებისას, მისი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ძველი მანქანის ყველაზე პრობლემური ელემენტები დაეხვეწათ. და ახალი მანქანის კონცეპტუალური დამუშავება სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მოხდა.

 


მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093003