ინტერვიუები

15:23 | 5.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ჯანაშია: “მოედანზე გასული მაისურებზე გვარებს არ ვკითხულობდი”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია, 28 წლის ასაკში კარიერის დასრულების შემდეგ, მოსკოვში დასახლდა. ერთი პერიოდი ის “ლოკომოტივის” საფეხბურთო სკოლაში მუშაობდა, მაგრამ ახლა, ძირითად დროს საკუთარი შვილების აღზრდას უთმობს. თუმცა, ფეხბურთს არ ჩამოცილებია და ქართველი ვეტერანებით დაკომპლექტებულ გუნდ “თბილისოს” შემადგენლობაში სამოყვარულო ტურნირებშიც თამაშობს.
10 თებერვალს მას 35 წელი უსრულდება და რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა championat.ru-მ ქართველ ფეხბურთელს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ჯანაშიამ კიდევ ერთხელ გადაავლა თვალი საკუთარ კარიერას.

- რით ხართ დაკავებული?
- ჯერჯერობით არაფრით. თუმცა, უახლოეს ხანში მუშაობას “ლოკომოტივში” დავიწყებ - ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელი ვიქნები. ეს სკოლა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ, მთელ რუსეთში საუკეთესოა.
- დღესდღეობით, ბავშვთა მწვრთნელის ხელფასით ოჯახის შენახვა შესაძლებელია?
- “ლოკომოტივში” რეალურია. სხვა კლუბებში როგორ არის ამ მხრივ საქმე არ ვიცი, არ მიკითხავს.  
- მშობლიურ კლუბში დაბრუნება როგორ მოახერხეთ?
- “ლოკომოტივის” სპორტულ დირექტორს, სმერტინს ვკითხე, ხომ არ გამოიძებნდებოდა ჩემთვის კლუბში სამუშაო. მან მითხრა, ცოტა მომეცადა. შემპირდა, რომ მუშაობას საფეხბურთო სკოლაში დამაწყებინებდა.
- მართალია, რომ “ლოკომოტივის” პირველ ვარჯიშზე პერსონალურ ტვირთის მზიდავთან ერთად გამოცხადდით? თავად წინ მოდიოდით, ხოლო მას თქვენი ეკიპირება მოჰქონდა?
- ეს ტვირთის მზიდავი კი არა, ჩემი მეგობარი იყო. ჩანთა ცოტა მძიმე იყო და მას დახმარება ვთხოვე. მითუმეტეს, მე კიდევ უნდა მევარჯიშა. ვარჯიშზე კი, ფეხბურთელი დასვენებული და ძალებით სავსე უნდა მივიდეს.  
- შემდეგ ჩანთას დამოუკიდებლად ატარებდით?
- რა თქმა უნდა. თან, ის უფრო მსუბუქი გახდა.
- "მოედანზე გიჟი ვხდები” – ეს თქვენი სიტყვებია. ასეთ მდგომარეობაში ჯანაშია სახიფათო იყო?
- ძალიან! ბურთს მივიღებდი და მეტოქის კარისკენ მიმავალი ყველა ზღუდვის გადალახვას ვცდილობდი. თავდამსხმელი ასეთი უნდა იყოს. მე ასე მასწავლეს. როდესაც რომის “ლაციოს” ვეთამაშებოდით, ჟურნალისტები შემიჩნდენ – იცი, რომ მათთან 9 ნომრად სალასი თამაშობს? ჩემთვის სულერთია –სალასი, მალასი... მოედანზე გამოსული მაისურებზე ნომრებს არ ვაკვირდებოდი და გვარებს არ ვკითხულობდი. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. მოედანზე როდესაც გადიხარ, უნდა ითამაშო. სხვებს ეშინოდეთ, მე რატომ უნდა მეშინოდეს ვინმესი?
- ყოფილა შემთხვევები, როდესაც მეტოქის ფეხბურთელებთან ურთიერთობის გარკვევა გიწევდათ?
- ცხადია. მცველები და თავდამსხმელები ყოველთვის ჩხუბობენ. მალულად მე დავარტყამდი მეტოქეს, მალულად ის დამარტყამდა. მსგავსი რამ ხშირად ყოფილა. ჩემი მიზანი გოლის გატანა იყო, მისი –კართან არ მივეშვი. მუდმივი ბრძოლაა. ხელის ჩავლება, მალულად ჩარტყმა, ჩვეულებრივი მოვლენაა. რაღაც ეპიზოდებს მსაჯი ვერ ამჩნევდა, რაღაცისთვის - მსჯიდა.    
- როგორც თავდამსხმელს ბევრი გოლი არ გაგქონდათ. რა იყო ამის მიზეზი?
- “ლოკომოტივში” ხომ ჩემს გარეშეც იყვნენ გამტნები – ლოსკოვი, სმერტინი, რომლებიც წინა ხაზში თამაშობდნენ. იმ დროს კოსოლაპოვსაც კი გაჰქონდა. გუნდში ასეთი სისტემა იყო.   
- მოედანზე ძუნწი არ იყავით?
- არასოდეს. ადამიანი ძუნწი არ უნდა იყოს. არა აქვს მნიშვნელობა თავდამსხმელია ის თუ ნახევარმცველი. მოედანზე ერთი ფეხბურთელი კი არ თამაშობს, არამედ – თერთმეტი.   
- ამბობენ,  რომ მოედანზე “სპარტაკელი” ხლესტოვის დანახვის დროს ცდილობდით მისგან თავი შორს დაგეჭირათ. ეს მითია თუ რეალობა?
- სიმართლეა. ხლესტოვი და კოვტუნი – ამ მცველებთან მიახლოება სახიფათო იყო.
- ფეხებში მტკივნეულად გირტყამდნენ?
- ძალიან.
- ტრავმები ხშირად გქონდათ?
- სიტყვები არ მყოფნის. ამის გამო დავასრულე კარიერა ნაადრევად.
- 1999 წელს რომის “ლაციოსთან” ჩატარებული ევროპის თასების თასის ნახევარფინალი, ალბათ, თქვენთვის სასიამოვნო მოსაგონიცაა და მტკივნეულიც...
- სიმართლეა. ფინალში გასვლა შეგვეძლო, მაგრამ...
- მაშინ, იტალიაში თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა რეალური იყო?
- მქონდა ერთი რეალური საგოლე მომენტი, მაგრამ არ გამიმართლა. 88-ე წუთზე ავაცილე, არადა, რომ გამეტანა, ფინალში გავიდოდით.
- დიდი იმედგაცრუება იყო?
- ძალიან. ფეხბურთში იღბალი დიდ როლს თამაშობს. ფეხბურთელი იღბლიანი უნდა იყოს. მაშინ, რომში არ გაგვიმართლა.
- თავს იღბლიან ადამიანად თვლით?
- დიახ, რადგან “ლოკომოტივში” მოვხვდი. თუმცა, იყო მომენტები, როდესაც იღბალი ზურგს მაქცევდა ხოლმე.
- 2001 წელს “ლოკომოტივის” მაშინდელმა პრეზიდენტმა ვალერი ფილატოვმა თქვენს თამაშს საკმაოდ ხისტი შეფასება მისცა: “რუსეთის თასის ფინალს თუ არ ჩავთვლით, ჯანაშიამ სეზონი ჩააგდო”. ამის ობიექტური მიზეზები იყო?
- ვერ გეტყვით. ფეხბურთელებს ზოგჯერ აქვთ დაღმასვლა. ტრავმები მქონდა, შესაძლოა, სადღაც საქმეს არასერიოზულად მოვეკიდე. ეშმაკმა უწყის... მართლაც დიდი დაღმასვლა მქონდა.
- ამ ფაქტმა მწვრთნელთან ურთიერთობაზე იმოქმედა?
- არანაირად. იური სიომინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ვმეგობრობდით. ვარჯიშის მერე, ისეთი ურთიერთობა გვქონდა, როგორიც მეგობრებს და არა როგორც მწვრთნელს ფეხბურთელთან. სიომინი ყველას მიმართ ასეთი კეთილგანწყობილი იყო.
- თამაშის მერე კათხა ლუდიც შეგეძლოთ დაგელიათ?
- ლუდს ვსვამდი, მაგრამ არა სიომინთან ერთად. მატჩის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი ვიკრიბებოდით და ცოტას ვსვამდით. ამის გარეშე არ შეიძლება. ზოგჯერ სპორტსმენს მოდუნება სჭირდება.
- ჯანაშიას წონასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დღემდე ლეგენდები დადის. მართალია, რომ ერთხელ შვებულებიდან ზედმეტი 12 კილოგრამით დაბრუნდით?
- 10 თუ 12 იყო. სასწორზე რომ დავდექი, 95 კილოგრამს ვიწონიდი.
- სიომინი ბობოქრობდა?
- დიახ. სამი საწვიმარის ჩაცმას მაიძულებდა. შეკრებებზე ასე ვვარჯიშობდი, ოფლს ვიდენდი, რომ წონა დამეკლო. რას იზამ? ქართველები ყველა ასეთები არიან.
- როგორები?
- საცივი, ხაჭაპური, წითელი ღვინო. ქეიფი. შესაძლოა, სახლში არ უნდა წავსულიყავი. თუმცა, როგორ არ წახვალ, როდესაც მთელი წელი ნათესავები და მეგობრები არ გინახავს.
- ზედმეტი წონისთვის გუნდში დიდი თანხით გაჯარიმებდნენ?
- ჯარიმები იყო, მაგრამ დიდი არა. ჩვენ ხომ ისეთი ანაზღაურება არ გვქონდა, როგორც თანამედროვე ფეხბურთელებს. ამხელა ფული თვალით არ მინახავს.
- დიეტის დაცვა გიწევდათ?
- ეს ჩემი პრობლემა იყო. შეკრებებზე ყოველთვის კურდღელივით სალათების ჭამა მიწევდა. კიდევ ბრინჯის და წიწიბურის. სხვას არაფერს მაჭმევდნენ. ერთ ნაჭერ პურსაც კი არ მაძლევდნენ. რომელი ქართველი გინახავთ პურის ან ხაჭაპურის გარეშე?
- 2001 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, “ლოკომოტივმა” კონტრაქტი რატომ არ გაგიხანგრძლივათ?
- თავად არ მინდოდა. სათამაშოდ საქართველოში წავედი.  
- რატომ?
- ტრავმები. მე ხომ ორივე კოჭი მოტეხილი მაქვს. ფეხებთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა. სხვათა შორის, საქართველოშიც “ლოკომოტივში” ვთამაშობდი, ოღონდ თბილისის. იქ პრეზიდენტი (რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი თავჯდომარე აკაკი ჩხაიძე - რედ.) ისეთი კარგი კაცი იყო, რომ უარს ვერ ვეტყოდი. ის მეუბნებოდა – რაც გინდა გააკეთე. თამაში გინდა - ითამაშე, ვარჯიში გინდა – ივარჯიშე. მეც დავთანხმდი.   
- ახლა ამის შესახებ ნანობთ?
- შესაძლოა, შეცდომა დავუშვი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, თავს იქაც კარგად ვგრძნობდი. ვფიქრობ, “ლოკომოტივიდან” დროულად წავედი. ფეხები ძალიან მტკიოდა და მე ის ადამიანი არ ვარ, რომ ერთი თამაში ჩავატარო, ხოლო მომდევნო ათი სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე. ფულის ტყუილუბრალოდ მიღება არ შემეძლო და არ მსურდა. ამიტომ წავედი. ხალხს კარგად დავამახსოვრდი. გულშემატკივრები ახლაც მცნობენ – მესალმებიან, მეხვევიან, ჩემი დანახვა უხარიათ. ცხოვრებაში მთავარი ეს არის და არა ფული.
- კარიერას დასრულებას საქართველოში აპირებდით, მაგრამ კალინინგრადის “ბალტიკაში” დაასრულეთ. ეს როგორ მოხდა?
- სიომინმა დამირეკა და მკითხა, კალინინგრადში თამაში ხომ არ მსურდა. იქ მისი შვილი ანდრეი იყო მწვრთნელად. “წადი, დაეხმარე” – მირჩია სიომინმა. გავიფიქრე –რატომაც არა? წავედი და ცოტა ხანი ვითამაშე.
- ანდრეი სიომინი ყვებოდა, რომ კალინინგრადში ხალხი სტადიონზე ჯანაშიას სანახავად დადიოდა. არ აჭარბებს?
- არა. ბევრი ხალხი მოდიოდა. კალინინგრადში ხომ ადრეც ვიყავი ნამყოფი, როდესაც “ბალტიკა” უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. გოლები მქონდა გატანილი და ხალხი მიცნობდა. ძალიან კარგად მიმიღეს. მშვენიერი ქალაქია, სადაც საუცხოო ხალხი ცხოვრობს. იქ კინაღამ საცხოვრებლად დავრჩი. შემდეგ გადავიფიქრე, მაგრამ კალინინგრადში ბევრი მეგობარი შევიძინე.    
- კარიერის დასრულების შემდეგ, ახალ ცხოვრებას დიდ ხანს ეგუებოდით?
- არა, რადგან ფეხბურთია მთელი ჩემი ცხოვრება. ახლა ჩემს ბავშვს ვავარჯიშებ, მეორე გაიზრდება და მასაც მივხედავ. მესამეს ველი – სამი ბიჭი მეყოლება. საჭიროა, მათი გაზრდა და ყველაფრის სწავლება.   
- როდესაც რამდენიმე წლის წინ მოსკოვიდან თქვენი თანამემამულეების გაძევება დაიწყეს, ალბათ, თავს ცუდად გრძნობდით...
- ეს ძალიან ცუდი რამ იყო. რუსი და ქართველი ხალხი ყოველთვის მეგობრულად ცხოვრობდა. მსგავსი რამ, რაც მაშინ მოსკოვში ხდებოდა, არსად მომხდარა. ხალხი ცოდოა. ისინი ხომ არ არიან დამნაშავენი, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთში ჩხუბობენ. სად უნდა წავიდეთ? მაგალითად, მე მოსკოვში ვცხოვრობ, ბავშვები აქ დაიბადნენ. როდესაც ადამიანს, რომელმაც 15 წელიწადი გაატარა ამ ქალაქში, ეუბნებიან –აქედან წადი, არანორმალურია.
- თქვენს ნათესავებსა და ახლობლებს ეს კამპანია არ შეხებია?
- მადლობა ღმერთს, ისინი ნორმალურად არიან. თუმცა, ბევრი მეგობარი იძულებული გახდა წასულიყო. ერთს გეტყვით – რუსეთში ძალიან ახალგაზრდა ჩამოვედი. ყველა მეგობარი აქ მყავს. რატომ უნდა წავიდე სადმე?  
- მოსკოვის მაღაზიებში ქართული ღვინის არქონა გაწუხებთ?
- ღვინის მოყვარული დიდად არ ვარ, მაგრამ ქართული ღვინო ყოველთვის მაქვს. მეგობრები, ნათესავები მამარაგებენ. სამწუხაროა, რომ ბევრ მოსკოველს არ შეუძლია მისი ყიდვა. ამ შემთხვევაშიც საქმე პოლიტიკასთან გვაქვს...
- ტემპერამენტიან ქართველ ბიჭს მოსკოვში რა აკლია?
- მხოლოდ ღვინო და “ბორჯომი”. დანარჩენი მოსკოვში ყველაფერი საკმარისად არის.
- ქართველი ვეტერანების გუნდიც კი გყავთ, არა?
- დიახ. “თბილისო” ჰქვია. მიხეილ აშვეთია, გიორგი ქინქლაძე, დავით ჩალაძე თამაშობენ. მეც ზოგჯერ ვეხმარები ხოლმე.
- ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ?
- 5-10 წუთი თამაში შემიძლია. შემდეგ, თავს ძველი ტრავმები მახსენებს. თან, წონაც მოვიმატე, რაც ფეხბურთს თავი დავანებე.
- ახლა რამდენს იწონით?
- 100 კილოგრამს. ჩემს ოპტიმალურ წონაზე თითქმის 20 კილოგრამით ზედმეტს ვიწონი.
- 10 თებერვალს ქეიფი იგეგმება?
- რა თქმა უნდა. დაბადების დღე ხომ წელიწადში ერთხელ არის. 35 წელი კარგი ასაკია. ბებერი არ ვარ, მაგრამ უკვე პატარაც არ მეთქმის.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095911