ფეხბურთი

19:29 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ინაშვილი: "უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დავბრუნდებით"

ფოთის "კოლხეთი", მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს. თუმცა, ფოთელები სატურნირო ცხრილს ღირსეულად ლიდერობენ და უმაღლესში დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევიან. რაც, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად, მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.

ხვალ, "კოლხეთი" მეორე წრის პირველ შეხვედრას სტუმრად, ოზურგეთის "მერცხალის" წინააღმდეგ გამართავს.

ხვალინდელ შეხვედრაზე, გუნდის მიერ დუშეთში გავლილ შეკრებაზე და სტადიონთან დაკავშირებულ პრობლემებზე, "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა "მსოფლიო სპორტთან" ისაუბრა:

 _ პირველ რიგში, შეკრებაზე გკითხავთ; როგორი პირობები გქონდათ და რა მდგომარეობაა გუნდში?

_ შეკრება დუშეთში გავიარეთ და საკმაოდ ნაყოფიერადაც: ყველანაირი პირობა გვქონდა კარგად მოსამზადებლად. გარკვეული პრობლემები ტრავმიანობის მხრივ შეგვექმნა, ძირითადის რამოდენიმე ფეხბურთელი დაგვიშავდა და ბოლო შეხვედრები ოპტიმალური შემადგენლობის გარეშე ჩავატარეთ, თუმცა საერთო ჯამში, შეკრებით კმაყოფილი ვარ და გუნდი მზადაა მეორე წრის პირველი მატჩისთვის. 

_ ახალწვეულებზე რას იტყვით? რამდენად ამართლებენ თქვენს იმედებს?

_ ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ, ვიცოდით მათი შესაძლებლობები, ყველამ კარგად გაართვა თავი დავალებებს. იმედია, კიდევ უფრო მოუმატებენ და გააძლიერებენ გუნდს.

_იმ კონტინგენტით და რესურსით, რაც დღეს "კოლხეთს" გააჩნია, შესძლებთ უმაღლესში დაბრუნებას?

_ ვფიქრობ, შევძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის "დინამო" და სხვა ანგარიშგასაწევი გუნდები გაძლიერდნენ, ჩვენ შევქმენით საკამოდ კონკურენტუნარიანი, მებრძოლი გუნდი და ეს გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაუბრუნდეს უმაღლეს ლიგას. ალბათ, ყველაფერი პლეი ოფში გადაწყდება, რადგან გადამწყვეტი სწორედ ესაა. ვიტყვი იმასაც, რომ პლეი ოფში წესების შეცვლა, საკმაოდ ცუდი გამოდგა: ფაქტიურად, აზრი არ აქვს, ცხრილში პირველ ადგილზე გახვალ, თუ მეორეზე, რადგან ბოლოს, მაინც პლეი ოფით წყდება. ადრე, პირველი ადგილი პირდაპირ გადადიოდა უმაღლესში და მეორე თამაშობდა პლე იოფს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.

_ ერთ-ერთი მტიკვნეული თემა ქართულ ფეხბურთში, სხვა პრობლემებთან ერთად, სტადიონია. ჩვენი წინა შეხვედრის დროს, "ფაზისის" სტადიონზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა, რამაც ძალიან გაგვახარა. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ შეჩერებულია სამუშაოები. რა ხდება ამ კუთხით?

_ სამწუხაროდ, ამ პრობლემის წინაშე ვართ ისევ. ვფიქრობდით, რომ ერთ მხარეს მაინც გაკეთდებოდა ტრიბუნა, მაგრამ ახლა, სამუშაოები შეჩერებულია დროებით და გაურკვევლობაში ვართ. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის განახლდება სამუშაოები. ისევ ნეიტრალურ მოედანზე მოგვიწევს თამაშები. შინ გასამართ შეხვედრებს ლანჩხუთში ჩავატარებთ. ძნელია, ყველა თამაშის სხვა სტადიონზე ჩატარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა.

_ რას პირდებით ფოთელ გულშემატკივარს?

_ ჩვენ, პირველ რიგში, ვალდებული ვართ "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში გადავიყვანოთ. რაც შეეხება ფოთელ გულშემატკივარს, ვპირდებით, რომ მათთან ერთად, გუნდი ყველაფერს გააკეთებს სასურველი შედეგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალურ მოედანზე მოგვიწევს თამაში, ჩვენი გულშემატკივრების გვეიმედება: ლანჩხუთი ახლოსაა და ვფიქრობთ, საკუთარი გუნდის თამაშს იქაც დაესწებიან და ისე გვიქომაგებენ, როგორც მათ სჩვევიათ.

_ წარმატებებს გისურვებთ.

 

ედემი ელერჯია        

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094908