არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ზესტაფონში ცხოვრობდა კაცი, მეტსახელად შვეტია, რომლის ნამდვილი სახელი მთელს ზესტაფონში ალბათ სულ რამდენიმე ადამიანს თუ ემახსოვრება და რაკი მის სახელს აქ პრინციპული მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, მოდითYჩვენც ის დავუძახოთ, რასაც მთელი ზესტაფონი ეძახდა.
შვეტიამ ამქვეყნად მხოლოდ ორი რამ იცოდა შესანიშნავად: ბილიარდის თამაში და ფულის შოვნა. იქიდან გამომდინარე, რომ შვეტიასთვის ეს ორი ფენომენი მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, ადვილად მივხვდებით, რომ შვეტია ბილიარდს თამაშობდა ფულზე, მაგრამ თამაშიცაა და თამაშიც...
შვეტია ბილიარდში ამარცხებდა ყველას – ზესტაფონელს, თბილისელს, ბათუმელს, ქუთაისელს... შემდეგ, როდესაც საქართველოში ზემოთამაშის სახელი გაუვარდა და ბილიარდს ფულზე აღარავინ ეთამაშებოდა, ადგა ეს ჩვენი შვეტია და რუსეთში წავიდა, სადაც არაერთი რუსული ქალაქის მკვიდრი მობილიარდენი ააცრემლა და გაყვლიფა. ბოლოს მოხდა ისე, რომ ჩვენი შვეტია ლამით მთელს საბჭოთა კავშირში საბილიარდოს არასასურველ სტუმრად გამოაცხადეს და მისი ფოტოსურათები ყველგან გამოაკრეს – აქაოდა, საბილიარდოში ეს კაცი არ შეიშვებაო.
მოწყენილი დადის, დაყიალობს თავის ზესტაფონში შვეტია და არ იცის, რა ქნას და მოიმოქმედოს. ბილიარდი მისთვის შემოსავალიცაა და ცხოვრების წესიც. ყველაზე კარგად რაც გამოსდის - ეს თამაშია და მუხთალი იღბლის გამო, საბილიარდოებშიც აღარ უშვებენ... მაგრამ შვეტია რისი შვეტია იქნებოდა, გამოსავალი აქედანაც რომ არ ენახა.
ერთ დილით, ჩაჯდა თბილისისკენ მიმავალ მატარებელში, ჩავიდა თბილისში, იქვე ბაზარში შეიძინა ნახევარი ტომარა კარტოფილი, თავზე აჭარული ყაბალახი შემოიხვია, მისივე ხელით დამზადებული ყალბი ულვაშები მიიკრო ტუჩებზე და წინასწარ შეგულებული საბლიარდოსკენ გასწია. საბილიარდოში ბევრი ხალხი დაუხვდა (აბა შვეტიას რაში აწყობდა ბევრი ხალხი?!), მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, შევიდა შიგნით და ჭეშმარიტად ”არიფი” კაცის კილოთი იკითხა: “აი, რა თამაშია და როგორ უნდა ითამაშო?” მერე ისიც დამატა, მასწავლეთ ეს თამაში, ნამეტანი დამაინტერესაო. ერთი სიტყვით, ყველას დააჯერა, რომ ბილიარდი პირველად დაინახა და ამ “სწავლაში”, როგორც თქვითონ თქვა, “თბილისში ჩამოტანილი კარტოფილის გაყიდვით აღებული” 200 მანეთი წააგო. ზოგიერთებმა იფიქრეს, არიქა, ”არიფი” დავიჭირეთო და ყველას გაუჩნდა შვეტიასთან თამაშის სურვილი.
და მაშინ, როდესაც შვეტია შეუბრალებლად გაყვლიფეს, დაიწყო თამაში და რა დაიწყო. ყრის შვეტია ბილიარდის ბურთებს და გაოცებისგან თვალებს აკარკვლინებს ირგვლივ მყოფთ. იგებს და იგებს შვეტია ფულს და ჯერ კიდევ ვერავინ ხვდება, ვისთან აქვთ საქმე. ამ დროს, საბილიარდოში ერთი ცნობილი თბილისელი მობილიარდე, ვერელი კაკო შევიდა, რომელმაც შვეტია სახეზე ვერ იცნო, მაგრამ, გაგიკვირდებათ და ზესტაფონელი დიდი მოთამაშე თამაშის მანერით ამოიცნო.
“აბა, გეყო ახლა თბილისელების გაყვლეფა შვეტია ოხერო, თორემ, გეტირება ყოფაო” – უთქვამს ვერელ კაკოს (შვეტიასებურად კი კაკოიას) და მხოლოდ მაშინ მიხვდა ყველა, აჭარულ ყაბალახში გამოწყობილი იმერულ კილოზე მოლაპარაკე კაცი ვინც იყო. ატყდა ერთი გაწევ-გამოწევა – ამან როგორ მოგვატყუაო, მაგრამ წაგებული წაგებულია და შვეტიამაც ინამუსა: რესტორანში დაპატიჟა მის მიერ გაყვლეფილი თბილისელი მოთამაშეები და კარგად მოალხინა.
წევს ახლა შვეტია ზესტაფონის მიწაში და ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა მასზე ვინმე თუ დაწერდა და მოყვებოდა ამბებს. ეჰ, როგორც იტყვიან, ხსოვნა იყოს დიდი მოთამაშის, ზესტაფონელი შვეტიასი...









