გასულ ტურში სტუმრად, ქუთაისის “ტორპედოსთან” მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ და ნაჩვენებმა თამაშმა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ერთგულ ქომაგებს დიდი იმედები ჩაუსახა. გუნდს რეალურად აქვს შანსი მოწინავე ექვსეულში თავის დამკვიდრებისა, ამასთანავე გამოცდილი სპეციალისტის გია გეგუჩაძის გუნდში დაბრუნება იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონები ეროვნულ პირველობაზე რიგითობას არ დასჯერდებიან. სხვათაშორის, გია გეგუჩაძე რუსთავის “მეტალურგთან” პრინციპულ პაექრობაში უშუალოდ ვერ ხელმძღვანელობდა საკუთარ გუნდს. მან თამაშის წინა დღეს ვარჯიში ჩაუტარა თავის შეგირდებს და უკრაინაში გაემგზავრა მწვრთნელთა პროლიცენზიის გასახანგრძლივებლად. ამიტომაც, რუსთაველებთან დუელში ფეროელებს მისი თანაშემწე გურამ ასპინძელაშვილი ხელმძღვანელობდა.
გადაუღებელი თავსხმა წვიმა და დაბალი ტემპერატურა მძიმე ფონად მიჰყვებოდა “ზესტაფონი” – “მეტალურგის” მატჩს, მაგრამ მასპინძელთა არენის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი მდგომარეობა ნაღდად არ უშლიდა ხელს მოთამაშეებს ოსტატობის გამოვლენაში. მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდა ამ შეხვედრის წინ “ზესტაფონს”, რომლისთვისაც ნებისმიერ მატჩს მეტად პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ტრამვირებულ ქობალიას და ადამიას, “ტორპედოსთან” შეხვედრის შემდეგ კანდელაკი და თედორე გრიგალაშვილი დაემატნენ.
პრინციპული დუელის მონაწილე თავკაცებმა მცირედით განსხვავებული სათამაშო სქემებით გამოიყვანეს საკუთარი გუნდები. გელა სანაიამ დაცვაში ორბელაძე-კაკუბავა-მახვილაძე-ჯაფარიძის ოთხეული დააყენა. ნახევარდაცვაში კირკიტაძე-რაზმაძე-ჩირგაძე-გურეშიძე-კორღალიძის კვინტეტი მოქმედებდა. რუსთაველები წინ გოგი ფიფიას იმედზე იყვნენ. რაც შეეხება მასპინძლებს, ასპინძელაშვილმა არჩევანი თორნიკე გრიგალაშვილი-კაჭკაჭიშვილი-რენე ფერეირა-გაგოშიძის კვარტეტზე შეაჩერა. საყრდენ ნახევარმცველად აჯურუ მოქმედებდა, მის წინ კი ენდელაძე-ჭანკოტაძე-შარიქაძე-ჭანტურიშვილის ოთხეული ირჯებოდა იმისათვის, რათა პასებით მოემარაგებინათ ეულ ფორვარდად მყოფი საბა ლომია.
მატჩის დებიუტი მასპინძელთათვის იღბლიანი გამოდგა და შესაბამისად მათ დაწინაურებაც შეძლეს. მე-9 წუთზე აჯურუმ გადაცემა გაუკეთა შარიქაძეს, რომელმაც გამოზომილი, თუმც არც თუ ისე ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ბურთი რუსთაველთა მეკარეს, რომელსაც ნახტომი არ დაუგვიანია, უცნაურად გადაახტა და ბედიაშვილს საკუთარი კარიდან მოუწია მისი გამოტანა – 1:0.
დაწინაურების შემდეგ თანაბარი თამაში წვიმის თანხლებით გაგრძელდა. გუნდებს ამის გამო სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ, განსაკუთრებით კი სტუმრებს, რომლებსაც პირველი ტაიმის განმავლობაში რეალურად, სერიოზული სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ. რაც შეეხება მასპინძლებს, მათ კარგი შანსი ჰქონდათ 26-ე წუთზე, როდესაც მახვილაძეს დასწრებაზე ეთამაშებოდა ლომია. ფორვარდმა ბურთზე ფეხის დაკვრა მოახერხა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით აცდა რუსთაველთა კარს. გაცილებით რეალური სიტუაცია ლომიას 32-ე წუთზე შეექმნა, როდესაც ჭანტურიშვილის გადაცემის შემდეგ საპენალტედან ურტყამდა. გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ბედიაშვილმა სასწაულებრივ შეძლო საკუთარი კარის გადარჩენა. ცოტა ხანში “მეტალურგის” კიპერმა ისევ დამაჯერებლად ითამაშა, როდესაც 22 მეტრიდან ენდელაძის დარტყმული კუთხურზე გადააგდო.
ტაიმის დასკვნით ნაწილში თამაშის ტემპი არ დავარდნილა, მაგრამ განსაკუთრებული სახიფათო მომენტი არ შექმნილა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შეიძლებოდა შეტევა უფრო მწვავედ რომ განვითარებულიყო. ერთხელ ასეთი მომენტი რუსთაველებსაც ჰქონდათ, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან გურეშიძემ ჩააწოდა და კვასხვაძემ ბურთი მუშტით გამოიტანა. დამატებაზე სტუმართაგან ვერავინ ივარგა. გაცილებით მეტი შანსი თამაშის გამწვავებისა ფეროელებს ჰქონდათ, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე ვერც მათ მიიყვანეს.
შესვენებაზე წვიმამ გადაიღო და თამაში ისე განახლდა ეს შემაფერხებელი ფაქტორიც აღარ აწუხებდა გუნდებს. მეორე ტაიმი წინამორბედის მსგავსად დაიწყო და საწყისს წუთებშივე მასპინძლებმა გაზარდეს თავიანთი უპირატესობა. 49-ე წუთზე დასავლელებმა კუთხური სწრაფად გაითამაშეს და ბურთი ჭანკოტაძემ მიიღო, რომელმაც ბურთიანად რამდენიმე მეტრი გაირბინა, შემდეგ კი მოჭრილი და ძლიერი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. ბურთმა საკუთარ საჯარიმოში გამაგრებულ რუსთაველებს “გადაუარა” და მეკარე ბედიაშვილიც სახტად დატოვა. გოლი ისე ლამაზი გამოვიდა, მის ავტორობას ნებისმიერი ვარსკვლავი ინატრებდა – 2:0.
სოლიდური უპირატესობის მიუხედავად ზესტაფონელებს მეტოქეზე ზეწოლა არ შეუწყვეტიათ. ორბურთიანი უპირატესობის მოპოვებისთანავე ენდელაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ბედიაშვილი ადგილზე დახვდა ახალგაზრდა ნახევარმცველის დარტყმულს. ცოტა ხანში ისევ ჭანკოტაძე აქტიურობდა, რაც კარში დარტყმით დასრულდა, მაგრამ ბედიაშვილი აქაც დამაჯერებელი იყო.
ნელნელა რუსთაველებმა სიტუაცია და თამაშიც გამოასწორეს. ტრადიციულად თავისი გარღვევებით მეტოქეს ხიფათს უქმნიდა ვერცხლისწყალივით მოძრავი კირკიტაძე. საკმაოდ დალაგდა “მეტალურგის” თამაში მოედანზე სიხარულიძის გამოსვლის შემდეგ. 69-ე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი, სიხარულიძემ მასპინძელთა მეკარის ბაქანთან მდგომ ჩირგაძეს გადააწოდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და კვასხვაძეს იოტისოდენა შანსი არ დაუტოვა – 2:1.
მოვლენების ასეთ განვითარებას რუსთაველთა ტერიტორიული უპირატესობა მოჰყვა, რაც სახიფათო მომენტებში არ გადაზრდილა. მართალია, იყო სახიფათო ჩაგდებები მასპინძელთა საჯარიმოში, მაგრამ ქვემო ქართლელებს საქმე საბოლოო დარტყმამდე ვერ მიჰყავდათ. ერთ მომენტში კი, როცა “მეტალურგის” მარცხენა მცველმა სუხიაშვილმა ბურთი მეკარეს დაუბრუნა, ბედიაშვილს ბურთზე ფეხი აუცდა და კინაღამ გოლი გავიდა. სიტუაცია თავად მეკარემ გამოასწორა.
თამაშის ეპილოგში საერთო სურათი აღარ შეცვლილა. რუსთაველებს ჰქონდათ შტურმის მოწყობის სურვილი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ფეროელებმა მოახერხეს საკუთარი კარის დაცვა ისე, რომ ფაქტობრივად “მეტალურგს” გათანაბრების შანსი არ ჰქონია. არბიტრის მიერ დამატებულ დროშიც მოედანზე იგივე სურათი იყო. შესაბამისად, “ზესტაფონმა” მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია და დიდი ნაბიჯი გადადგა ექვსეულისაკენ.
გიორგი ჯმუხაძე (“მეტალურგი”) – “ძალიან კარგი და დაძაბული თამაში იყო. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. ამინდმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩვენს თამაშში. მეორე ტაიმში შევცვალეთ გუნდის თამაში და გოლიც გავქვითეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა”.
გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”) – “დავეთანხმები კოლეგას, თამაში მართლაც კარგი სანახავი იყო. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოტივაცია ჩვენ გუნდს უფრო ჰქონდა. მართალია, სამუშაო ბევრია, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი ქულებია. მადლობა ბიჭებს, რომ ეს დავალება შეასრულეს და საჭირო გამარჯვება მოიპოვეს”.
“ზესტაფონი” - “მეტალურგი” 2:1 (1:0)
30 ნოემბერი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 2000 მაყურებელი
“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, რენე ფერეირა, აჯურუ, შარიქაძე, ჭანტურიშვილი, ჭანკოტაძე (კუტალია, 69), ენდელაძე (ალექსანდრე გურული, 59), საბა ლომია (კვერნაძე, 85).
მთავარი მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
“მეტალურგი”: ბედიაშვილი, რაზმაძე, ჩირგაძე, კორღალიძე (ქავთარაძე, 83), კაკუბავა (სუხიაშვილი, 46), კირკიტაძე, ფიფია (სიხარულიძე, 59), მახვილაძე, გურეშიძე, ჯაფარიძე, ორბელაძე.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია
გოლები: 1:0 შარიქაძე (9), 2:0 ჭანკოტაძე (49), 2:1 ჩირგაძე (69).
გაფრთხილება: შარიქაძე (90).
არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი).
ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (53), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (59), 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი (86)
ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 0:0
გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (1:2)
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (პენ, 24), 1:1 გიორგი განუგრავა (40), 1:2 გიორგი კახელიშვილი (44)
სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 0:4 (0:1)
გოლი: 0:1 პატრიკ ვუო (3), 0:2 დავით კვირკველია (48), 0:3 ჩისკო (50), 0:4 დორინ გოგა (74)
დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0 (0:0)
გოლი: 1:0 მიხაილ გორელიშვილი (60), 2:0 ნიკოლოზ სადაღაშვილი, 3:0 გიორგი ქვილითაია (88)
| 1 | დინამო (თბ) | 14 | 10 | 3 | 1 | 34:11 | 33 |
| 2 | ჩიხურა | 14 | 9 | 2 | 3 | 31:20 | 29 |
| 3 | გურია | 14 | 8 | 0 | 6 | 16:18 | 24 |
| 4 | დილა | 14 | 6 | 4 | 4 | 20:14 | 22 |
| 5 | მეტალურგი | 14 | 6 | 4 | 4 | 20:19 | 22 |
| 6 | ზესტაფონი | 14 | 6 | 3 | 5 | 16:11 | 19 |
| 7 | ტორპედო | 14 | 5 | 4 | 5 | 17:15 | 19 |
| 8 | სიონი | 14 | 5 | 4 | 5 | 18:18 | 19 |
| 9 | ვიტ ჯორჯია | 14 | 4 | 3 | 7 | 17:22 | 15 |
| 10 | მერანი | 14 | 4 | 1 | 9 | 13:28 | 13 |
| 11 | სპარტაკი | 14 | 3 | 1 | 10 | 11:23 | 10 |
| 12 | ზუგდიდი | 14 | 1 | 5 | 8 | 5:19 | 8 |
მეგოლეები:
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)
8 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - ჩისკო (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”)
3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან







