ინტერვიუები

15:58 | 16.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “ჩემი მიზანი საფრანგეთის ნაკრების მთავარმწვრთნელობაა”

ესპანეთისა და საფრნაგეთის ნაკრებთა მატჩის წინ პოპულაერული ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ჟურნალისტი ზინედინ ზიდანს დაუკავშირდა და თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს დღევანდელი შეხვედრის გარდა, სამომავლო გეგმებზეც ჰკითხა.

- სამშაბათს საფრანგეთის ნაკრები მადრიდში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს დაუპირისპირდება. რა რჩევას მისცემდით “სამფეროვანთა” დამრიგებელს დიდიე დეშამს?
- ჩემგან რაიმე სახის დარიგების მიცემა არაეთიკური იქნება. ნაკრებს კვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელი ჰყავს და დეშამმა უჩემოდაც კარგად იცის, როგორ მოიქცეს.
- მაშინ, როგორც საფრანგეთის ნაკრების რიგითმა გულშემატკივარმა გვიპასუხეთ, რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა?
- მატჩის პირველივე წუთებიდანვე ჩვენებმა აქტიურად უნდა ითამაშონ, მრისხანე მოწინააღმდეგეს დაანახონ, რომ მისი რიდი არ აქვთ და რაც მთავარია, ესპანელებს სწრაფი გოლის გატანის საშუალება არ მისცენ.
- ჩვენ მკითხველს სამომავლო გეგმებს ხომ ვერ გაუმხელდით?
- ლიმოჟის უნივერსიტეტში ერთდროულად სპორტულ მენეჯმენტს, ეკონომიკის საფუძვლებსა და იურისპრუდენციას ვსწავლობ, კლერფონტენში კი მალე პროფესიონალი მწვრთნელის შესაბამის სერთიფიკატს მომანიჭებენ. სათანადო კვალიფიკაციის მიღების გარეშე მწვრთნელად მუშაობის დაწყება არ მინდოდა, მალე კი სადამრიგებლო საქმიანობისკენ გზა ხსნილი მექნება. მწვრთნელობის თაობაზე გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიმიღია. თამაშს თავი 6 წლის წინ დავანებე და მას შემდეგ მოყოლებული დღენიადაგ დამრიგებლობაზე ვფიქრობდი. საკმარისზე მეტი დრო მქონდა ყველაფრის კარგად ასაწონ-დასაწონად. რაც მთავარია, ჩემი გადაწყვეტილება დიდხნიანი განსჯის ნაყოფია.
- ფეხბურთელობისას მაქსიმუმს მიაღწიეთ, არ გაგიჭირდათ ახალი გზის არჩევა?
- ყველაზე მეტად ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ვფიქრობ, კარიერა დროულად შევწყვიტე. როდესაც ახლა მატჩებს თვალყურს ვადევნებ, ვრწმუნდები, რომ ჩვეულ დონეზე თამაშს დიდხანს ვეღარ “გავქაჩავდი” და მაშინ ჩემს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება უკვე სხვებს მოუწევდათ და კარისკენაც მიმითითებდნენ. მოთამაშეობისას ყველა დასახულ მიზანს მივაღწიე და არ ღირდა საკუთარი ავტორიტეტის სასწორზე შეგდება. 2006-ში სწორი გადაწყვეტილება მივიღე და იმედია, ახლაც არ ვცდები.
- სამომავლოდ რომელი გუნდის გაწვრთნას ისურვებდით?
- სერთიფიკატის აღება მნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ სამწვრთნელო საქმეს გამოცდილება სჭირდება და ამიტომაც, საწყის ეტაპზე “პატარა” გუნდის გაძღოლით დავკმაყოფილდები. ისე კი, ჩემი მიზანი საფრანგეთის ნაკრების მთავარმწვრთნელობაა. ეს ჩემი ოცნებაცაა და ამ დონეზე საკუთარი სადამრიგებლო შესაძლებლობების გამოცდა მსურს.
- მწვრთნელობა მეტად სარისკო, სანერვიულო და ხიფათიანი პროფესიაა. ეს კარგად იცით, მაგრამ მაინც აირჩიეთ საფეხბურთო დამრიგებლის პროფესია...
- მას შემდეგ, რაც აქტიური საფეხბურთო კარიერა შევწყვიტე, სისხლში ადრენალინილ ნაკლებობას ვგრძნობ. არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა თანაგუნდელებთან ერთად მინდორზე ხარ ან მწვრთნელის რანგში გასახდელში ფეხბურთელებს რჩევა-დარიგებას აძლევ. ორივე შემთხვევაში საკუთარ მხრებზე დიდ პასუხისმგებლობას იტვირთავ. პასუხისმგებლობის გრძნობას არასდროს გავურბოდი და მომავალშიც ასე იქნება.
- უპირველესად, რომელი მწვრთნელისგან აიღებთ მაგალითს?
- “კანში” თამაშისას ჩემი დამრიგებელი მუსიე ჟირაუდი გახლდათ. მაშინ ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი ბევრს შეჰქონდა, მან კი მამაშვილურად გამამხნევა და სწორ გზაზე დამაყენა. მისი მხარდაჭერა რომ არა, არავინ იცის, საბოლოოდ რა დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა ზინედინ ზიდანი და საერთოდ, შედგებოდა კი ჩემი ნაყოფიერი სპორტული კარიერა. სამწუხაროა, დღეს ჟირაუდი ცოცხალი რომ არაა. ჟირაუდს მოთმენის უნარი და დამწყებ ფეხბურთელთან ინდივიდუალური მუშაობის დიდი ნებისყოფა ჰქონდა. ყოველმხრივ შევეცდები, ეს თვისებები მეც გამოვავლინო.


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172996