საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზინედინ ზიდანი, რომელიც ყატარელებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადის წარდგენაში ეხმარებოდა, კმაყოფილია.
ციურიხში გამართულ კენჭისყრაზე, დელეგატებმა, ზიდანსა და მის გუნდს მხარი დაუჭირეს და ამან ფრანგული ფეხბურთის ლეგენდის აღფრთოვანება გამოიწვია. მან ფიფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში, გამარჯვებით მიღებულ გრძნობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ყატარისთვის მინიჭება, მთელი არაბული სამყაროს წარმატებაა.
- რა გრძნობა დაგეუფლათ საბოლოო ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ?
- უპირველესად, უდიდესი შვება ვიგრძენი, რადგანაც განაცხადის მხარდაჭერა იოლი საქმე სულაც არაა. ის გარკვეულწილად შეჯიბრის ტოლფასია. გზავნილმა, რომელსაც მთელი ამ კამპანიის პერიოდში მსოფლიოსთვის მიწოდებას ვცდილობდი, მიზნამდე მიაღწია და უაღრესად ბედნიერი ვარ. მუდამ ვამბობდი, რომ ფეხბურთი მთელი მსოფლიოს საკუთრებაა და ახლა, რუსეთი და ყატარი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აქამდე არასდროს უმასპინძლიათ, ამ არაჩვეულებრივ პროცესს ეზიარებიან. გადაწყვეტილებებში გარკვეული ლოგიკა დევს და ორივე ამ ქვეყნისათვის, ეს ფანტასტიკური სიახლეა.
- გატყობთ, ძალიან ბედნიერი ხართ...
- ვამაყობ, რომ ერთ-ერთ გამარჯვებულ ქვეყანაზე ფსონს მეც ვდებდი და ბოლომდე მხარში ვედექი. ვამაყობ ვარ იმით, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ახალი ქვეყნისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებაში. ყატარი და მთელი ახლო აღმოსავლეთი, ამას იმსახურებდა და უზომოდ ბედნიერი ვარ.
- თქვენ ახლო აღმოსავლეთი ახსენეთ. ყატარის წარმატებას მთელს ამ რეგიონს უკავშირებთ?
- დიახ, ეს მთელი არაბული სამყაროს გამარჯვებაა. ყატარმა მთლიანად ამ რეგიონიდან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო და ამ ფაქტმა ფიფას მაღალჩინოსნების საბოლოო გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა იქონია. ახლა მათ დარჩენილ დროში უდიდესი სამუშაოს გაწევა მართებთ, რათა სპორტული და კონკრეტულად ფეხბურთის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადონ. მთელი 10 წელია საიმისოდ, რომ ამაღლდეს ყატარის ეროვნული ნაკრების თამაშის ხარისხი და საუკეთესოდ უმასპინძლონ მსოფლიოს ჩემპიონატს.
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა არჩევანის ყატარზე შეჩერება?
- იმან, რომ მასპინძელი ახალი ქვეყანა იქნება და მსოფლიოს ჩემპიონატიც სხვა წინამორბედებისგან განსხვავებული იქნება. როდესაც გადაწყვეტილება გამოცხადდა, ფიფას პრეზიდენტი ბლატერი და ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები კმაყოფილები ჩანდნენ, რადგანაც უდიდესი საფეხბურთო ფორუმის ჩატარების უფლება იმ ქვეყანას მიანდეს, რომელსაც მსგავსი პატივი აქამდე არასოდეს ჰქონია. ჩემის აზრით, მათ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს. სხვა დანარჩენი, უბრალოდ წვრილმანი დეტალები იყო.
- მსგავსი გამოცდილება მაშინ მიიღეთ, როდესაც საფრანგეთს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ერგო. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რას განიცდიდით მაშინ?
- მაშინ ერთგვარი შოკი მივიღე და გავიფიქრე, რომ საფრანგეთის ნაკრებში უცილობლად უნდა დავმკვიდრებულიყავი. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ რადგან საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი ნაწილი უნდა გავმხდარიყავი. ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო საფრანგეთისთვის, მაგრამ პირადად ჩემთვის უფრო დიდი მოტივაცია, რადგანაც მსურდა, მასში მონაწილეობა ისე მიმეღო, როგორც ეროვნული ნაკრების მოთამაშეს.
- მხოლოდ მონაწილეობის მიღებაზე ფიქრობდით?
- ამ დროს მეტის სურვილი ვერ გაგიჩნდება, უბრალოდ გავიფიქრე, რომ ფინალში ბრაზილიას 3:0 დავამარცხებდით და მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებოდით. სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო! (იცინის).
- ყატარისთვის ყველაფერი ახლა იწყება. უახლოეს წლებში თქვენ რა როლი დაგეკისრებათ?
- ამ წუთას რაიმე განსაზღვრული როლი არ მაქვს. ჩემი ამოცანა იყო, რომ ამ ქვეყნის განაცხადისთვის მხარი დამეჭირა და მე ეს გავაკეთე. საკუთარი ღვაწლით კმაყოფილი ვარ, ახლა კი, დაველოდები რა მოხდება მომავალში. ამ წუთას უმთავრესი ისაა, რომ მიღწეულით დავტკბე, რადგანაც გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანე.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









