ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამჟამად შვედეთის ნაკრების რიგებში ვარჯიშობს, თუმცა, კოჭის ტრავმამ მას მოლდოვასთან ევროპირველობის შესარჩევ მატჩში მონაწილეობის საშუალება არ მისცა. მომდევნო შეხვედრას შვედები მეზობელ ფინეთთან ჩაატარებენ და მასში გუნდის კაპიტნის თამაში სათუოა.
- ბოლო პერიოდში ცოტას თამაშობთ. ეს სპორტულ ფორმაზე უარყოფითად არ აისახა?
- საბრძოლო ფორმაში ვარ, ოღონდ თამაშის საშუალებას კოჭის ტრავმა არ მაძლევს. უთამაშებლობის გამო, შესაძლოა, საასპარეზო რიტმი ცოტათი დარღვეული მქონდეს, მაგრამ ფიზიკურ მდგომარეობას არ ვუჩივი. როგორც კი კოჭს მოვირჩენ, ყველა დაინახავს, რომ ძველებურად პაექრობის უნარი სრულად შენარჩუნებული მაქვს.
- მოლდოვასთან შვედეთის ნაკრების თამაშს რა კომენტარს გაუკეთებთ? არცთუ იოლად დასაძლევ მოწინააღმდეგეს თქვენმა თანანაკრებელებმა საკმაოდ იოლად მოუგეს...
- ყველაზე მთავარი ისაა, რომ სატურნირო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ. მოლდოველებთან თამაში კი მწარედ მახსოვს. მარტში სტოკჰოლმში მათ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და “მხოლოდ” 2:1 მოვიგეთ. ამასთან პენალტის რეალიზაცია ვერ შევძელი. ამჯერად მეტოქეს მისსავე მინდორზე გაცილებით უფრო დამაჯერებლად ვძლიეთ. მიაქციეთ ყურადღება ერთ მომენტსაც – კიშინიოვში მინდორზე გასულმა ყველა ჩვენმა ფორვარდმა გოლის გატანა მოახერხა.
- 7 ივნისს პრინციპული დაპირისპირება გაქვთ მეზობელ ფინეთთან. ამ მატჩში თუ მიიღებთ მონაწილეობას?
- გადაჭრით არაფრის თქმა არ მსურს, მაგრამ დიდი ალბათობით, ბიჭებს ისევ უჩემოდ მოუწევთ დასახული ამოცანის შესრულება. სუომელებთან დაპირისპირების შემდეგ, ზედიზედ სამი საგარეო მატჩის ჩატარება გველის, ამიტომ შვიდში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არათუ პირველ ადგილზე გასვლის შანსს დავკარგავთ, მეორე საფეხურზე დამკვიდრების შანსსაც სათუოდ გავიხდით.
- მოდით, საკლუბო თემაზე გადავიდეთ. “მილანის” რიგებში გამოსვლისას სეზონის მეორე ნაწილი შედარებით უარესად ჩაატარეთ. რაა ამის მიზეზი და რას მოიმოქმედებთ, მომავალში ეს რომ აღარ განმეორდეს?
- არასდროს ისე კარგად არ დამიწყია სეზონი, როგორც ამის გაკეთება “მილანში” შევძელი. სამწუხაროდ, სეზონის მეორე ნაწილში “საწვავი” გამომელია – ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილი შევხვდი ჩემპიონატის დასკვნით ნაწილს. ამას ორი დისკვალიფიკაციაც დაერთო. სასჯელის თავიდან აცილება შემეძლო, მაგრამ ემოცია ვერ მოვთოკე. ყოველივეს აუცილებლად გავითვალისწინებ. ფეხბურთელმა მინდორსა და მის გარეთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც ახალი უნდა აითვისოს. “მილანმა” კი, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, დიდი გუნდი რომაა. “როსონერის” თამაში ერთ ცალკეულ მოთამაშეზე ან რომელიმე ჯგუფზე დამოკიდებული არაა. როდესაც დაღლილობის გამო არცთუ კარგად ვთამაშობდი, პარტნიორებმა მაღალი კლასი აჩვენეს.
- მომავალ სეზონში “მილანს” კიდევ უფრო დიდი დატვირთვა ექნება. უმჯობესი ხომ არ იქნება, მწვრთნელებმა ორ-სამ მატჩიანი დასვენების საშუალება დასაწყისშივე მოგცენ, რათა გადამწყვეტ მომენტში მეტი სათამაშო ძალა და ენერგია გქონდეთ შერჩენილი?
- ეს საკითხი ჩემი სამსჯელო არაა. მასიმილიანო ალეგრიმ დაამტკიცა, მაღალი დონის სპეციალისტი რომაა და ნებისმიერ სიტუაციაში გუნდისთვის სასარგებლო, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე. ისე კი, მაღალ ხელფასს იმისთვის მაძლევენ, რომ თავდაუზოგავად ვითამაშო და არა დასვენება მოვითხოვო სეზონის მსვლელობისას.
- გულშემატკივრები არცთუ უსაფუძვლოდ აღნიშნავენ, რომ გასული სეზონის დასაწყისში “მილანს” საკუთარი “ზურგით მიათრევდით”...
- როდესაც “სან სიროზე” გადავდიოდი, “როსონერიში” არსებული სიტუაცია კარგად ვიცოდი. კლუბი ბოლო წლების განმავლობაში ტიტულებს ვეღარ იხვეჭდა, გუნდიც მთლად სრულყოფილად დაკომპლექტებული არ იყო. სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად არავინ მიგვიჩნევდა, ევროთასზეც სატრაბახოდ არ გვქონდა საქმე. ეს ყველაფერი გათავისებული მქონდა, მაგრამ გამოწვევა მივიღე. საბოლოოდ, ჩემი არჩევანი სწორი აღმოჩნდა. სკუდეტო სამ გუნდთან ერთად მაქვს მოგებული, რაც მეტად მეამაყება.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალს თვალი მიადევნეთ? დიდად შეიცვალა “ბარსელონა” კატალონიიდან თქვენი აბარგების შემდეგ?
- “ბარსა” პლანეტის საუკეთესო გუნდია და ლონდონური ფინალის დაწყებამდეც ეჭვი არ მეპარებოდა მის გამარჯვებაში. რაც შემეხება მე, “კამპ ნოუზე” თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ამიტომაც კატალონიიდან წასვლა გამართლებული ნაბიჯია. ყველაფრის მიუხედავად, “ბარსელონას” მოგება გამიხარდა და ბიჭებს გულით ვულოცავ კიდევ ერთ საჩემპიონთალიგო ტიტულს.
- რამდენიმე გრანდში გითამაშიათ და თანაგუნდელებად საქვეყნოდ აღიარებული ფეხბურთელები გყავდათ. რომელ მათგანს გამოარჩევდით ყველაზე მეტად?
- პატრიკ ვიეირას. როდესაც “იუვენტუსში” მივედი, იგი ძალიან დამეხმარა. შემდეგ ერთად “ინტერში” ვთამაშობდით. პატრიკი ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნებაა, მინდორზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და მისი იმედი ყოველთვის მქონდა.
- ჟურნალისტებთა საუბრისას ამბობთ, რომ “მილანში” დარჩენა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი. “როსონერის” მომავალი როგორ გესახებათ?
- კლუბი სწორი მიმართულებით ვითარდება. მე მჯერა ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული პროექტის, რომელმაც პირველი ნაყოფი უკვე გამოიღო.
- გულშემატკივრებს პირდაპირ განუცხადეთ, “მილანში” რჩებით?
- ვრჩები.
გოჩა კაჭარავა







