ინტერვიუები

17:41 | 28.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “რომ არ მწამდეს, პსჟ-ში არ მოვიდოდი”

ბოსნიური წარმოშობის შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც პარიზის პსჟ-ს ღირსებას იცავს და სერია A-ს გასულ სეზონში 28 გოლი გაიტანა (“მილანის” მაისურით და დაამყარა როგორც პირადი, აგრეთვე საკლუბო რეკორდი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით), უეფა-ს ოფიციალურ საიტს კიდევ ერთხელ განუმარტა საკუთარი გადაწყვეტილების მოტივები.
30 წლის ფეხბურთელს, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის 5 ტურში უკვე 7 გოლის გატანა მოასწრო სწამს, რომ ახალ გუნდთან ერთად, როდესაც ადაპტაციის პერიოდი დასრულდება, კიდევ უფრო დიდ მიზნებს მიაღწევს.
- პსჟ რიგით მე-7 კლუბია, რომლის ღირსებასაც იცავთ, გვითხარით, რით განსხვავდება ის წინამორბედებისაგან?
- ახალი პირობები უდიდეს ინტერესს იწვევს. ჩემთვის პარიზში ყველაფერი სიახლეა. კლუბშიც თავისი ისტორიის ახალი პერიოდი იწყება. პსჟ ნელ-ნელა ძლიერ გრანდად ყალიბდება, ყიდულობენ ახალ ფეხბურთელებს და სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ჯილდო მოვიგოთ. გუნდის ხელმძღვანელობას დიდი ოცნებები აქვთ და მოხარული ვარ, მისი ნაწილი მეც რომ ვარ. ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ უკეთ გავიცნო ჩემი თანაგუნდელები.
- იქნებ აგვიხსნათ, თქვენი კარიერის მოცემულ მომენტში არჩევანი მაინცდამაინც პსჟ-ზე რატომ შეაჩერეთ?
- გულწრფელად მწამს, რომ ამ გუნდის გეგმები და ოცნებები მომავალში აუცილებლად ახდება და მსურს, ამ ამბიციური პროექტის ნაწილი ვიყო. პსჟ-მ თავი მოუყარა ძლიერ ფეხბურთელებს და სურთ, რომ დიდებული გუნდი გააკეთონ. ეს იმის მანიშნებელია, რომ საფრანაგეთის ჩემპიონატი უფრო ძლიერი, მიმზიდველი და საინტერესო გახდება. ვფიქრონ, ჩემ ადგილზე ყოფნას ახლა ბევრი ისურვებდა. “მილანისგან” მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დამრჩა, მაგრამ საკუთარ მომავალს მხოლოდ აქ ვხედავ. მწამს ამ პროექტის და პსჟ-შიც სწორედ ამის გამო ვარ.
- პსჟ-ს ამჟამინდელ თავკაც კარლო ანჩელოტის, 2006 წელს, ჯერ კიდევ “მილანში” მუშაობისას, თქვენი შეძენა სურდა. რამდენად დიდი იყო მაშინ ანჩელოტის მხრიდან თქვენდამი ინტერესი?
- მოცემულ მომენტში ამ ყველაფერს ბედისწერა უნდა დავარქვათ. 2006 წელს კონტრაქტის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო. 2010 წელსაც შეიძლებოდა, რომ ჩვენ ერთ გუნდში გვემუშავა. მაშინ მოლაპარაკებები საწყის ეტაპზევე დასრულდა, მაგრამ თეორიულად ყველაფერი შეიძლებოდა. საბოლოოდ, პსჟ-ში ერთად ვართ და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ კარლოს მიუძღვის. წინასწარი მოლაპარაკების დროს მან დამარწმუნა, არგუმენტებით დამისაბუთა, რომ ჩემთვის აქ გადმოსვლა ფანტასტიკური შესაძლებლობა იქნებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით მისი ნაწინასწარმეტყველები სრულდება.
- პარიზი მსოფლიოში ბევრი რამითაა ცნობილი, მაგრამ არა ფეხბურთით. ფიქრობთ, რომ მალე სიტუაცია შეიცვლება და ის საფეხბურთო ქალაქიც გახდება?
- ჩემი აზრით ყველა დიდ ქალაქს სჭირდება ძლიერი საფეხბურთო კლუბი. პარიზი რომ უდიდესი ქალაქია, ეჭვგარეშეა და ვფიქრობ, მალე მას მართლაც დიდი გუნდი ეყოლება. ცოტა დრო გვჭირდება ადაპტაციის გასავლელად და მერე პსჟ მართლა იქნება ტოპ კლასის გუნდი.
- თქვენ არასდროს მოგიგიათ ჩემპიონთა ლიგა. ფიქრობთ, პსჟ-სთან ერთად ეს შესაძლებელი იქნება?
- პსჟ-ს წარმატების რომ არ მჯეროდეს, აქ არ გადმოვიდოდი. მართალია, ჩემპიონთა ლიგა აქამდე არ მომიგია, მაგრამ ამ საკითხზე მაინცდამაინც არ ვდარდობ. ტიტულები მხოლოდ კარგ ფეხბურთელებთან ერთად მოდის და მე ისინი საკმარისად მაქვს, რადგან მუდამ დიდებული ფეხბურთელების მხარდამხარ ვთამაშობდი, რომელთაც მაქციეს იმად, რაც ახლა ვარ. ახალ გუნდშიც ბრწყინვალე პროფესიონელების გვერდით ვარ. გუნდის მხარდაჭერის გარეშე, მსგავს ტიტულებს ვერავინ მოიგებს.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094335