მეგრული დერბი განმუხურში შედგა. “ზუგდიდმა” უმაღლესი ლიგიდან უფრო ადრე გავარდნილ მარტვილის “მერანს” უმასპინძლა. თითქოს ”მერანს” მოტივაცია არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ სტუმრებმა ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს მცირე შანს დარჩენილ მასპინძლებს და ადგილობრივი ქომაგების რისხვაც “დაიმსახურეს”.
“ზუგდიდს” თეორიული შანსიღა ჰქონდა დარჩენილი, მეგრული კლუბი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაურჩებოდა პირველ ლიგაში თამაშს, თუ “სპარტაკი” დარჩენილი ორ შეხვედრიდან ორივეს წააგებდა, თუმცა “სპარტაკმა” “დილას” 2-1 მოუგო და ერთი ტურით ადრე ყველაფერი გაირკვა.
მატჩი განმუხურში ძლიერი წვიმის თანხლებით დაიწყო, რამაც თამაშზე გავლენა მოახდინა.
მართალია თავიდანვე უპირატესობა ზუგდიდელთა მხარეს იყო და მათ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს მეკარე ბეგაშვილის კართან, მაგრამ არც “მერანი” ყოფილა უბურთოდ, სტუმრების კონტრშეტევები საკმაოდ საშიში გამოდგა და ერთ-ერთ ეპიზოდში გეგეჭკორს ოდნავ რომ გამართლებოდა, ანგარიშსაც გაათანაბრებდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
პირველი ხიფათი კი მასპინძლებმა შექმნეს, გუგუჩიამ კუთხურიდან მოაწოდა ბურთი, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კირკიტაძემ კი თავური დარტყმით მცირედით ააცილა.
25-ე წუთზე აფაქიძის დარტყმის შემდეგად ძელმა იხსნა ბეგაშვილის კარი.
34-ე წუთზე კი კირკიტაძის მიერ შესრულებული მაკრატელას შემდეგ ურთულესი ბურთი მოიგერია ბეგაშვილმა კუთხურზე. რომ არა სტუმართა კიპერის კარგი გარჯა ერთ-ერთ საუკეთესო გოლს იხილავდა გულშემატკივარი.
შესვენებამდე მაინც შესძლეს ზუგდიდელებმა გოლის გატანა, “მერანის” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა შეცდომა დაუშვა მეკარემ, რომელსაც ბურთი ხელიდან გაუვარდა, დამატებაზე მასპინძელთა რამდენიმე ფეხბურთელი ცდილობდა თავის გამოჩენას, საბოლოოდ დავით კირკიტაძემ აჯობა ყველას და ანგარიშიც გაიხსნა 1-0.
სანამ მსაჯი შესვენებაზე გაიყვანდა გუნდებს, ერთგვარი გაწევ-გამოწევა შეიქმნა ფეხბურთელებს შორის, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მსაჯმა სამუშია და ჯღამაია გააფრთხილა.
მეორე ტაიმში წვიმამ გადაიღო და თამაშიც უფრო სანახაობრივი გამოდგა.
”მერანი” უფრო მეტად მოტივირებული გამოვიდა. მატჩის განახლებისთანავე ორი სახიფათო ეპიზოდი შექმნა “მერანმა” და ორივე შემთხვევაში ლევან გეგეჭკორს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი. პირველ ეპიზოდში დარტყმა სუსტი გამოუვიდა და ქვილითაია ადვილად დაეუფლა ბურთს, მეორე ცდაზე კი ძელს გაარტყა.
გეგეჭკორის შეტევებს აფაქიძემ უპასუხა თავური დარტყმით, მაგრამ ოდნავ უმტყუნა მიზანმა.
52-ე წუთზე კი კიჭი მელიავა “ზუგდიდის” საჯარიმოსთან მცველებს კარგად გასცდა და შორიდან ძლიერად დაარტყა, მეკარე ქვილითაიამ კუთხურზე შესძლო მოგერიება.
84-ე წუთზე გუგუჩიამ ლევან სამუშია გაიყვანა კარგ პოზიციაზე, სამუშიამ კარგად გაისწორა ბურთი და მარჯვენა მაღალ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა 2-0.
მსაჯის მიერ დამატებულ 90+2 წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბულიამაც შესძლო გოლის გატანა მან საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქირა.
მართალია “ზუგდიდმა” კი მოიგო, მაგრამ გასახდელში ცუდი ამბავი ელოდათ ფეხბურთელებს, რადგან “სპარტაკმა” 2-1 სძლია პარალელურად მიმდინარე მატჩში გორის “დილას” და ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში თუ 16 გუნდამდე არ გაზარდეს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობა (რაზეც კატეგორიული წინააღმდეგია სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი) “ზუგდიდს” და “მერანს” პირველ ლიგაში მოუწევთ ასპარეზობა.
სამწუხაროა სამეგრელოს წარმომადგენელი ორივე გუნდი რომ ტოვებს უმაღლეს ლიგას, მაგრამ რეალობას ვერსად ვერ გავექცევით.
გიორგი დარასელია: “მართლა გულდასაწყვეტია ბოლო ორი ასეთი თამაშის შემდეგ მაინც ვერ შევძელით უმაღლეს ლიგაში დარჩენა. ძნელია როცა, სხვის თამაშზეც ხარ დამოკიდებული, ადრე დავკარგეთ ისეთ თამაშებში ქულები, რამაც ბოლოში იჩინა თავი”.
ზურაბ იონანიძე: “მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც არანაირი შანსი არ გვქონდა უმაღლეს ლიგაში დარჩენის, ბიჭებმა იბრძოლეს და საკმაოდ საინტერესო თამაში გამოვიდა. Dდასანანია რომ სამეგრელოს წარმომადგენელი ორივე გუნდი ასეთ დღეშია.
ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 3:0
განმუხური. 17:00. ცენტრალური სტადიონი
“ზუგდიდი”: ქვილითაია, ქვარცხავა, მირცხულავა, გუგუჩია, წიტაიშვილი (სიხარულია 57), აფაქიძე, კირკიტაძე, ქებაძე, ჯავაშვილი (ბულია 62), კანკია, სამუშია (მჭედლიშვილი).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
“მერანი”: ბეგაშვილი, მელიავა, რაფაელი, გაბუნია, გეგია, ფონიავა, ჯოჯუა (ჩხეტიანი 71), ჯღამაია, გეგეჭკორი, დეკანოსიძე (ბაბუნაშვილი 50), აშორტია (ციცხვაია 57).
მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
გოლები: კირკიტაძე(45+1), სამუშია(84), ბულია (90+2)
გაფრთხილებები: სამუშია (45+1), ჯღამაია (45+1)
მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი (ქუთაისი)
სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ნოზაძე (45 საკუთარ კარში), 2:0 მეტრეველი (54), 2:1 ბოლქვაძე (90)
“ტორპედო” (ქუთაისი) – “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) 6:1 (2:1)
გოლები: 1:0 კვერნაძე (10), 2:0 ლექვთაძე (21), 2:1 დავლაშელიძე (37), 3:1, 4:1, 5:1 კვერნაძე (67, 69, 77), 6:1 სავჩენკოვსი (90)
| 1 | ტორპედო | 31 | 13 | 6 | 12 | 42:43 | 45 |
| 2 | ვიტ ჯორჯია | 31 | 13 | 6 | 12 | 41:44 | 45 |
| 3 | დილა | 31 | 11 | 9 | 11 | 44:35 | 41 |
| 4 | სპარტაკი | 31 | 11 | 4 | 16 | 32:38 | 37 |
| 5 | ზუგდიდი | 31 | 9 | 6 | 16 | 25:42 | 33 |
| 6 | მერანი | 31 | 6 | 4 | 21 | 21:59 | 22 |
მეგოლეები:
16 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”),
8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)
7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), ოთარ კვერნაძე (“ტორპედო”)
6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;
ედემი ელერჯია





