“ზუგდიდს” ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა და ისიც 31 აგვისტოს. და აი, 106 დღის შემდეგ მოიპოვა ნანატრი გამარჯვება – მცხეთაში ქუთაისის “ტორპედოს” 2:1 სძლია. გიორგი დარასელიას გუნდი აუტსაიდერად რჩება, თუმცა ჩამორჩენა შემაცირა. ქუთათურთა საქმე კი ტურიდან ტურამდე უარესდება. გუნდი, რომელიც ერთ დროს ლიდერობდა, ახლა მერვე ადგილზეა და რთული სათქმელია, ექვსეულში შევა თუ ვერა.
პირველ ნახევარში “ტორპედო” ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა. წარმოიდგინეთ, პირველ ნახევარში კარის ჩარჩოში დარტყმა საერთოდ არ ყოფილა. ერთადერთი მწვავე ეპიზოდი გიორგი ფანცულაიას მარცხნიდან გარღვევასა და პასს მოჰყვა, თუმცა გიორგი კუხიანიძემ დარტყმა ვერ მოახერხა, ვერც პასი გამოუვიდა და ამით მორჩა ყველაფერი. “ზუგდიდი” 5 მცველით თამაშობდა და ტაქტიკა კონტრშეტევებზე ჰქონდა აწყობილი. პირველ ტაიმში ეს არ გამოუვიდათ, მეორეში კი...
მეორე ნახევრის დასაწყისში, ორწუთიან მონაკვეთში “ტორპედოს” კარში ორი ერთნაირი გოლი გავიდა: 1. შოთა ლომია მარცხნიდან აწვდის და ირაკლი ეხვაიას მძლავრი თავურით ანგარიში იხსნება; 2. ისევ ლომია, ისევ მარცხნიდან ჩაწოდება და ისევ ეხვაიას თავური, რომელიც ისევ მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გავიდა – ტყუპი გოლები იყო და აშკარად ვარჯიშზე დამუშავებული.
ეტყობა, დარასელიამ კარგად გათვალა “ტორპედოს” სისუსტეები, უფრო მეტი აქტიურობა დაავალა ფლანგელებს და შედეგიც მოიმკო. ესაა მწვრთნელის მიგნება. მალევე, “ტორპედოს” ესპანელმა თავკაცმა ჟერარდ სარაგოსამ მარჯვენა მცველი შეცვალა: ნიკა ჭანტურია ისედაც არაა მარჯვენაფლანგელი და რა გასაკვირია, რომ ამ პოზიციაზე გაუჭირდა.
“ტორპედო” შეტევებს მიეძალა, თუმცა გუნდური თამაში არ გამოსდიოდათ, ხშირად უაზრო სიტუაციაში კარგავდნენ ბურთს. ინდივიდუალურადაც, მინდორზე არ გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც თავის თავზე აიღებდა ლიდერობას. ერთხელ დავით ჯიქიამ, ერთხელაც ნიკა ფირცხალავამ ააცილეს შორიდან.
79-ე წუთზე ქუთათურებმა მაინც გაიტანეს: დავით უბილავამ მარცხნიდან ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა რევაზ ბარაბაძემ თავით გადაგზავნა ბურთი კარში 1:2.
დრო რჩებოდა და უნდა ითქვას, “ტორპედომ” ბოლო წუთები ყველაზე ძლიერად ჩაატარა. ზედიზედ იქმნებოდა ხიფათი, თუმცა კარში დარტყმა და ზურაბ მამალაძის შეწუხება ვერ ხერხდებოდა – კარის მიმართულებით კი, იცოცხლეთ, საკმაოდ იყო: ბარაბაძეს თავური აუცდა, შემდეგ კი ფირცხალავას და თორნიკე კაპანაძეს დააკლდათ სიზუსტე. ბოლოს ზუგდიდელებსაც ეტყობოდათ დაღლა და არაა გასაკვირი, რომ კონტრშეტევების თავიც აღარ ჰქონდათ.
საბოლოოდ, 1:2 და “ზუგდიდმა” ძალიან გაიხარა ამ გამარჯვებით. ცნობისთვის, ეხვაიას პირველი გოლი ზუგდიდელთათვის მე-200 გამოდგა უმაღლესი ლიგის ისტორიაში.
14.12.2013. 14:00. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. 200 მაყურებელი
“ტორპედო” (ქუთაისი) – “ზუგდიდი” 1:2 (0:0)
ტორპედო: ქვილითაია, ჭანტურია (მთივლიშვილი 46), სანდოხაძე, ხიდეშელი, უბილავა, ცინცაძე, ფირცხალავა, კუხიანიძე, კაპანაძე, ჯიქია (ბარაბაძე 61), ფანცულაია (გოროზია 64).
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა.
ზუგდიდი: მამალაძე, კანკია, პაწკორია, აფაქიძე, მირცხულავა, ადამაშვილი (სიხარულია 46), შალიკაშვილი, ტყემალაძე, ქირია, შოთა ლომია (გუგუჩია 73), ეხვაია (ბულია 90).
მწვრთნელი: გიორგი დარასელია.
გოლები: 0:1, 0:2 ეხვაია (49, 51), 1:2 ბარაბაძე (79).
გაფრთხილება: ადამაშვილი (25), ჭანტურია (33), ფირცხალავა (58), ხიდეშელი (87), მამალაძე (90+1).
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
14 დეკემბერი
მეტალურგი (რუსთავი) - გურია (ლანჩხუთი) 3:1
გოლები: 1:0 გიორგი ჩირგაძე (17), 2:0 გიორგი გავაშელიშვილი (49), 3:0 გიორგი ჩირგაძე (72), 3:1 მამუკა ტორონჯაძე (89)
გაფრთხილება: გიორგი ჩირგაძე (21), ლუკა რაზმაძე (57), მიხეილ მახვილაძე (68) - ვალერიან იობაშვილი (27)
„ზესტაფონი“ - „სპარტაკი“ ცხინვალი (გადაიდო)
15 დეკემბერი
რუსთავი, „ფოლადი“, 14:00
„სიონი“ ბოლნისი - „მერანი“ მარტვილი
თბილისი, „დინამო არენა“, 14:00
„დინამო“ თბილისი - „ვიტ-ჯორჯია“
გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 14:00
„დილა“ გორი - „ჩიხურა“ საჩხერე
| დინამო |
16 | 12 | 3 | 1 | 40-12 | 39 | |
| ჩიხურა |
16 | 10 | 3 | 3 | 34-21 | 33 | |
| გურია |
17 | 9 | 0 | 8 | 20-24 | 27 | |
| დილა |
16 | 7 | 5 | 4 | 23-15 | 26 | |
| მეტალურგი |
17 | 7 | 5 | 5 | 23-22 | 26 | |
| სიონი |
16 | 6 | 5 | 5 | 19-18 | 23 | |
| ზესტაფონი |
16 | 6 | 4 | 6 | 18-15 | 22 | |
| ტორპედო |
17 | 6 | 4 | 7 | 19-19 | 22 | |
| ვიტ ჯორჯია |
16 | 5 | 4 | 7 | 19-23 | 19 | |
| სპარტაკი |
16 | 4 | 1 | 11 | 13-24 | 13 | |
| მერანი |
16 | 4 | 1 | 11 | 14-32 | 13 | |
| ზუგდიდი |
17 | 2 | 5 | 10 | 7-24 | 11 |
მეგოლეები:
12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)
8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა





