თბილისის “დინამოს” 23 წლის ახალწვეულმა, ზურაბ არზიანმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კარიერის გაგრძელებას უკან გადადგმულ ნაბიჯად არ თვლის.
ზურაბ არზიანი: “საქართველოში ჩამოსვლა უკან გადადგმულ ნაბიჯად არ მიმაჩნია. ყველაზე დიდი პრობლემა სტადიონები და ცუდი მინდვრის საფარია. საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი ბიჭები გამოდიან და თამაში ადვილი არ იქნება. რაც რუსეთში პირობებია, აქ რომ იყოს, ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატი იქნებოდა”.
- გუნდთან ერთად შეკრებაზე არ ყოფილხართ და ალბათ, არც ახალ პარტნიორებთან იქნებით შეთამაშებული...
- რა თქმა უნდა, შეთამაშება მაკლია. მოუმზადებელი ვარ. ნელ-ნელა დავეწევი დანარჩენებს. შევეცდებით ერთი ოჯახივით ვიყოთ. რაღა დაგვრჩენია, ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
- აქამდე, საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ გითამაშიათ - 2007 წელს რუსთავის “ოლიმპის” შემადგენლობაში...
- დიახ, ასეა. მაშინ მოედანზე ნახევარი საათით გამოვედი.
- “დინამოში” გადასვლამდე ჰაიფას “მაკაბიში” ისინჯებოდით. დარჩენა რატომ ვერ მოახერხეთ?
- ჰაიფაში მოუმზადებელი ჩავედი. ისრაელში ჩემპიონატი მიმდინარეობს და დრო არ ჰქონდათ, რომ მოვემზადებინე. ამიტომ წამოვედი.
- შარშან “ანჟიში” თამაში ხშირად არ გიწევდა. ამის მიზეზი რა იყო?
- ტრავმები მქონდა. გარდა ამისა, ჩემი ბრალიც იყო, რადგან სათანადო მობილიზება ვერ მოვახდინე. მხოლოდ რამდენიმე თამაში ჩავატარე დუბლშემადგენლობაში.
ლაშა თაბაგარი









