ინტერვიუები

20:03 | 16.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ხიზანიშვილი - ზურაბ ფოფხაძეზე, თურქეთზე, ნაკრებზე

40 წლის ზურაბ ფოფხაძის გარდაცვალებამ ქართულ საფეხბურთო სამყაროს გული დასწყვიტა. როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვნეს. ჯერჯერობით, საქმეზე წარმოება მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ თვითმკვლელობა მოხდა. ფოფხაძეს სამი შვილი დარჩა და მათ შორის, ორი არასრულწლოვანი.
ზურაბი 1998-1999 წლებში თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში, 4 მატჩი ჩაატარა. ქართული გუნდების გარდა, რუსულ “კრილია სოვეტოვში”, “ალანიაში”, ნიჟნი ნოვგოროდის “ლოკომოტივში”, “მეტალურგ-კუზბასში” და ასევე, უკრაინულ “კრივბასში” გამოდიოდა. კარგი მცველი გახლდათ.
ამჟამად საქართველოს ნაკრებში მყოფი ფეხბურთელებიდან, ფოფხაძესთან ერთად მხოლოდ ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშია. “ხიზანას” “მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა და ბუნებრივია, ფოფხაძის გარდაცვალების გარდა, საკლუბო და სანაკრებო ამბებზეც ესაუბრა:
-    მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ზურას ოჯახს. ჩვენ ერთად დიდხანს არ ვყოფილვართ ნაკრებში, მაგრამ მახსოვს, პირველად რომ მივედი, ზურა იქ დამხვდა. ვმეგობრობდი, გვერდში მედგა სხვა ფეხბურთელების მსგავსად.
-    როგორ გაიხსენებდით? პიროვნულ თვისებებზე გვითხარით.
-    საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელთა უმეტესობა ხუმარა და ენაკვიმატი იყო. დაწყებული არველაძეებიდან, თითქმის ყველა. რამდენიმე კაცი იყო წყნარი და მორიდებული, მათ შორის, ზურა ფოფხაძეც. ცოტას ლაპარაკობდა, მინდორს მიღმაც არ იყო ხმაურიანი. დიდხანს არ მოგვიწია ერთად თამაში. რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, ზუსტად არ ვიცი.
-    საწყენია. ახლა საკლუბო ამბებზე. სად ემზადება “ქაისერისფორი”?
-    ანთალიაში ვართ. ჩემპიონატის განახლებამდე რამდენიმე დღე დარჩა, 19 იანვარს “ბურსასფორს” ვეთამაშებით.
-    რობერტ პროსინეჩკის დანიშვნამ რა შეცვალა გუნდის თამაშში?
-    თითქმის არაფერი. შოთა არველაძის მსგავსად, პროსინეჩკისაც შემტევი ფეხბურთი უყვარს. გუნდის შემადგენლობაც თითქმის იგივეა, რაც ახალ წლამდე იყო, ასე რომ, დიდი არაფერი შეცვლილა.
-    პირადად თქვენთვის? რაც უნდა იყოს, თანამემამულე მწვრთნელთან უფრო იოლია ურთიერთობა.
-    თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. როცა შოთა იყო მწვრთნელი, ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ვმეგობრობდით და გარკვეული უხერხულობის მომენტი არსებობდა. მაგალითად, თუ ჩემზე კარგი იყო სათქმელი, შოთას მაინც ერიდებოდა, სხვაგვარად რომ არ გაეგოთ. ახლა უფრო გაადვილებულია სიტუაცია, რადგან პროსინეჩკი ჩემი მეგობარი არაა. პროსინეჩკის დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშევი, “რეალსა” და “ბარსელონაში” იყო, კარგი მწვრთნელიცაა. ახლა მორიდების და უხერხულობის მომენტი აღარაა: კარგად ვთამაშობ? თამამად მეუბნება, რომ კარგია. ცუდად? ამასაც არ ერიდება.
-    “ქაისერისფორი” ცხრილის ქვედა ნაწილშია...
-    მე-15 ადგილზე ვართ და მე-5-ზე მყოფს მხოლოდ 5 ქულით ჩამოვრჩებით. და მაინც, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა აუტსაიდერების გვერდით ყოფნა. რეალურად, უფრო მაღლა შეგვიძლია ვიყოთ.
-    სამომავლო საკლუბო გეგმებზე შეგიძლიათ რამის თქმა?
-    კონტრაქტი მაისამდე მაქვს და მანამდე არსად წასვლას არ ვაპირებ. კლუბს სურს, რომ დავრჩე და კონტრაქტი გავაგრძელო, მაგრამ არ ვჩქარობ. რა ვიცი, ხელი მოვაწერო და გასავარდნად გაგვიხდეს საქმე, ასეც არ მინდა. სეზონის ბოლოს გადაწყდება.
-    6 თებერვალს ეროვნული ნაკრები ტირანაში ალბანეთს ეთამაშება. თქვენ ბოლოს, ნოემბერში ეგვიპტესთან ამხანაგურში არ ყოფილხართ გამოძახებული...
-    სანაკრებო კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. პირიქით, თუ თემურ ქეცბაია გამომიძახებს, გამეხარდება. არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში.
-    ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელები დაწინაურდნენ. როგორ შეაფასებდით მათ პოტენციალს და თქვენი აზრით, რამდენად დიდი მომავალი აქვთ? თქვენ წინა თაობებთან ერთადაც გითამაშიათ ნაკრებში და უკეთ შეაფასებთ.
-    22-23 და თუნდაც 20 წლის ბიჭებს, რომლებსაც სისტემატურად იძახებენ, მომავალს ვერ დავარქმევ. ისინი უკვე პროფესიონალურ ასაკში არიან და გათავისებული უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა. გვყავს ლევან ყენია, რომელსაც შეუძლია, ერთი ფინტით სამი კაცი მოატყუოს; თორნიკე ოქრიაშვილმა ბელარუსთან ისეთი ბურთი გაიტანა, მარტო ამ გოლის გარშემო შეუძლია კარგი კარიერის აწყობა; იგივე შემიძლია ვთქვა სხვა ახალგაზრდებზე, ოღონდ მათ მომავალს ვერ დავარქმევ. ისინი უკვე სრულუფლებიანი წევრები არიან ნაკრებში. ძალიან მომეწონა 17 წლის მცველები – ლაშა დვალი და ნიკა ჭანტურია, რომლებიც ვასილ მაისურაძის 17-წლამდე გუნდში თამაშობდნენ და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს. ალბათ, მალე მოვა დრო, როცა ისინი ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდებიან. განათლებულები არიან მინდორზე და იციან, რა როგორ უნდა გააკეთონ.  


ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096224