ინტერვიუები

10:02 | 4.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად სიჭინავა: “ხალხი ნაკრებისკენ მოვაბრუნეთ, ჯერი შიდა ჩემპიონატზეა”

ისრაელში, იქაურ ეროვნულ ნაკრებთან, ევრო-2012-ის შესარჩევი ტურნირის მატჩზე სათამაშოდ მყოფ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად (დომენტი) სიჭინავაც ახლდა. მასთან “მსოფლიო სპორტის” საუბარი, სასტუმრო “სითი ცენტრ ქროუნ პლაზას” ფოიეში შედგა. ქართული ფეხბურთის უპირველესი მესვეური, ისრაელის საფეხბურთო კავშირიდან, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად, ტრადიციული მატჩისწინა “მითინგიდან” ახალი დაბრუნებული იყო.
- საინტერესო რა მოხდა თქვენს ებრაელ კოლეგასთან შეხვედრაზე?
- იყო სამომავლო ერთიერთობებზე საუბარი, კომპლიმენტების ურთიერთგაცვლა და ეტიკეტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
- ყველაზე მეტად რომელი კომპლიმენტი მოგეწონათ?
- რომ მოვდიოდით, პრეზიდენტმა ბოლოს თქვა, რომ ჩვენ ორიდან თუ ვინმე უნდა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე, ვისურვებდი, რომ ეს საქართველოს ნაკრები იყოსო. მოგეხსენებათ, ავი ლუზონი უეფას აღმასკომის წევრია და იქედან გამომდინარე, რომ მიშელ პლატინი ბევრ რამეს აკეთებს, რათა პატარა ასოციაციებმა დიდ წარმატებებს მიაღწიონ, ისიც ხელმძღვანელის პოლიტიკას ადგას.
იცით, როგორ მოწყობილი აქვს ჩემს კოლეგას საქმე? ისრაელის ფედერაციის სპონსორი - აქაური “ტოტო-ლოტო”, წელიწადში ოც მილიონ დოლარს იხდის მის ხაზინაში. ამას ნაკრების სპონსორი, ცნობილი ამერიკული სადაზღვევო კომპანია AIG დაუმატეთ. აღარაფერს ვამბობ წვრილმან დამფინანსებლებზე.
- აქაური კოლეგებისაგან გავიგეთ, რომ ლუზონი, ისრაელის ნაკრების  ევროპის ჩემპიონატზე გამყვანი ფეხბურთელის წახალისებას და მისთვის იმ “პორშეს” ჩუქებას აპირებს, რომელიც მის საკუთრებაშია. თქვენც ხომ არ აპირებთ მისგან ამ მაგალითის გადმოღებას და რომელიმე ქართველი ფეხბურთელის შესარჩევი ციკლის ბოლოს დასაჩუქრებას?
- მინდა, ლევან კობიაშვილის თქვენთან ინტერვიუში ნათქვამი შეგახსენოთ - მე ამაყი ვარ, რომ ამ ნაკრების წევრი ვარო. ყველაზე მთავარი სტიმული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოთამაშისთვის სწორედ ეს უნდა იყოს და როცა ამას მისი ვეტერანი ამბობს, ვფიქრობ, ასეთი სტიმული სხვებისთვისაც სანატრელი და საკმარისია.
გესმით ალბათ,  ფეხბურთელებს რომ “პორშეები” ვაძლიოთ, ჩვენ ასეთი ფუფუნების საშუალება არ გვაქვს. განვმეორდები, ისრაელს, მარტო ერთი კომპანია წელიწადში ოც მილიონ დოლარს უხდის. პლიუს აქვთ სახელმწიფო დახმარებები, პლიუს ნაკრების სპონსორი ცალკე ჰყავთ, კიდევ ბანკი, სადაზღვევო, ტელეფონების კომპანია. ასე რომ, ძალიან კარგი თანხები აქვთ. ნახეთ, 60 წლის განმავლობაში რა ქვეყანა გააკეთეს.
- მაშინ ის ვთქვათ, რა გააჩნია დღესდღეობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას?
- ჩვენ გვყავს “სოკარი”, რომლის ძალიან მადლიერი ვართ. ის მოედანი, რომელიც სპონსორმა გაგვიკეთა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “სოკარმა” 2011-ში კიდევ ერთი მოედანი, “მიხეილ მესხზე” უნდა გაგვიკეთოს. გვყავს კომპანია “ქართუ”, რომელიც არაფერს ითხოვს (თვით რეკლამასაც) და ნაკრების ბაზას უმაღლეს დონეზე აკეთებს დიღომში. გვაქვს სახელმწიფო დახმარება, რომელიც განაწილდა ყველა ასაკობრივ ნაკრებებზე. როცა იმის ფიქრი არ გაქვს, სასტუმრო როგორ აიღო, ბილეთი როგორ იყიდო და კიდევ სხვა წვრილმანები, საქართველოს ნაკრებისთვის ეს ძალიან დიდი საქმეა.
- ალბათ, დამეთანხმებით, უეფას პრეზიდენტობაზე პლატინის და სფფ-საზე თქვენი არჩევნები, ერთმანეთს რაღაცით ჰგავდა.
- კი, მე როცა პარიზში ჩავედი, პლატინის ვუთხარი - კარგი რამ გასწავლე-მეთქი.
- პლატინის ალბათ ფიფას პრეზიდენტობაზეც ექნება პრეტენზია.
- კი, ოთხ წელიწადში რატომაც არა? ჩემი ინფორმაციით, იგი მართლაც ფიქრობს ფიფას პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი და იმედია, როგორც ახლა იყო, იქაც უალტერნატივო იქნება მისი კანდიდატურა.
- ვატყობთ, სფფ უეფაში უფრო მიღებულია და პატივს სცემენ, ვიდრე ფიფაში. თუნდაც “ზესტაფონში” ზურაბ მენთეშაშვილის ჩარიცხვის ამდენხანს გაჭიანურება რად ღირს. დარწმუნებული ვარ, მისი ტრანსფერის დამტკიცება რომ უეფას პრეროგატივა იყოს, ეს ფეხბურთელი უკვე კარგა ხანია მისი ახალი გუნდის სამსახურში იქნებოდა.
- დავიწყოთ იქედან, რომ ფიფა ძალიან წყნარად მუშაობს. ესაა ორგანიზაცია, რომელიც არ ჩქარობს. იმიტომ, რომ 208 ქვეყანაა და ძალიან ბევრი საქმეა განხილვაში. საქართველო იმდენად პრობლემატური არაა, რამდენადაც სხვა ქვეყნები. წარმოიდგინეთ, რა ხდება აფრიკის ქვეყნებში. ძალიან ბევრი პრეტენზიები შედის იქ და მათ განხილვას თავისებური პროცედურები აქვს.
ჩვენც ბევრ საკითზე გვაქვს გაგზავნილი წერილი და მოთმინებით ველით იქედან პასუხს. მაგალითად, ბაქარ მირცხულავას თაობაზე “ბენფიკასაგან” ვითხოვდით მისი აღმზრდელი კლუბისთვის თანხის გადმორიცხვას. ისრაელში გამომგზავრების წინ მივიღეთ წერილი და ამ დღეებში პორტუგალიაში უნდა გაიგზავნოს ქუთაისის “ტორპედოს” საბანკო რეკვიზიტები, რათა “ბენფიკამ” მისი მოვალეობა შეასრულოს. კი, ეს მიღწევაა, მაგრამ დაფიქრდით - წელიწადნახევარი დასჭირდა ოფიციალური კონტრაქტის შესრულების იძულებას, რომელსაც ფიფას ჩარევის გარეშე ჩვენ ვერ ვაკეთებდით.
ძალიან ბევრი უეფას წევრი გრანდი ქვეყანა ფიფასი უკმაყოფილოა. მოგეხსენებათ, იურიდიულ საკითხებს ფიფა განიხილავს, ორგანიზაციულ საკითხებს კი - უეფა. იცით ალბათ, რომ უეფას კანონი არ არსებობს - კანონი მხოლოდ ფიფას აქვს. მაშინ ისმის კითხვა – რას აკეთებს უეფა? როცა ჩვენგან იგზავნება რაიმე წერილი, იგი ორ ეგზემპლარად მზადდება – ერთი ფიფას, მეორე უეფას. უეფა პრაქტიკულად საქმის კურსში დგება, რომ მე ესა და ეს პრობლემა მაწუხებს და მეტი არაფერი.
გერმანიიდან რომ მიდიოდეს ესპანეთში სატრანსფერო ფურცელი, ეს ქვეყნები თავად მოილაპარაკებენ და საქმესაც იქამდე არ მიიყვანენ, როგორც მენთეშაშვილის შემთხვევაში ჩვენსა და ისრაელს შორის მოხდა. ჩვენ ახლა ვამყარებთ ისრაელთან ასეთ ურთიერთობებს და ახლა ვაცნობთ მათ, რომ საქართველო საფეხბურთო თვალსაზრისით საიმედო ქვეყანაა.
ახლა, ჩვენისთანა ქვეყანას უნდა ერთი რომელიმე ტურნირის თასის ფინალის გათამაშება, თუ გერმანიას, რომელსაც კვირაში 10-მდე ასეთი მნიშვნელობის თამაში აქვს ჩასატარებელი. იცით, ამ ქვეყნის საფეხბურთო კავშირის წლიური ბიუჯეტი რამდენია? მილიარდი ევრო. ჩვენ კი, ვცხოვრობთ პატარა ქვეყანაში, სადაც მთელი ქვეყნის ბიუჯეტია 4 მილიარდი.
- ე.ი. მოთმინებით ელოდებით ფიფას გადაწყვეტილებას...
- მასწავლეთ სხვა გზა და ჩვენც ისე მოვიქცევით. ჩვენ არ გვყავს დასაკარგავი ფეხბურთელები, არ ვართ იმ ფუფუნების ქვეყანა, როცა აფხაზეთიდან ვიღებდით საკმაოდ კარგ შევსებას, აჭარიდან, იმერეთიდან და ა.შ. ესაა ის შემთხვევა, როცა ფეხბურთელს ყველანაირად უნდა შეუწყო ხელი, მით უფრო, თუ მას მისი უცხოეთში დაგროვილი გამოცდილება მშობლიურ ქვეყანას უნდა მოახმაროს.
- ხორვატიასთან მატჩი რამდენიმე უცხოურმა ტელეარხმა გადასცა. ალბათ, ფედერაციის ხაზინა მცირედით მაინც შეივსო.
- ჩვენთან, ამ კომპანიების მხრიდან არანაირი თანხობრივი შეთანხმება არაა, რადგან სანაკრებო მატჩების ტრანსლირების უფლება ფედერაციაში ჩემს მოსვლამდე იყო გასხვისებული. ტრანსლირების უფლებები “ინფრონტს” აქვს მიღებული 2013 წლამდე. პარადოქსია - მე ვყიდი საქონელს და მყიდველის ვალი მაქვს. ძალიან მწყინს რაც მოხდა ხორვატიასთან მატჩის ტრანსლირებისას, მაგრამ რას გააწყობ. ეს თამაში აჩვენა 9 ტელეკომპანიამ და ნუთუ, თითო კომპანიიდან 10 ათასი დოლარის ღირსიც არ ვიყავით? სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ძველი ვალი 750 ათასი დოლარი და ეს თანხა 2013 წელს სრულად დაიფარება.
პლატინის არჩევნებზე რაც მოხდა კარგი, ეს იყო რევოლუციური გადაწყვეტილება ამ მხრივ. უეფას 53-ვე ქვეყანამ მოვილაპარაკეთ, რათა სატელევიზიო უფლებები გადავცეთ უეფას. მისგან ყველა გარანტირებულად მივიღებთ თანხას - უეფა კი თავის მხრივ, ყველა თამაშს ისე შეფუთავს, მისი ტრანსლირებისაგან რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს.
- ეს პროგრამა 2013 წლიდან ამოქმედდება ხომ?
- ჩვენთვის კი, რადგან ვალი უნდა დავფაროთ. სხვა ქვეყნებისთვის იგი უკვე 2012 წლიდან დაიწყება.
- ალბათ, ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზებაზეც უნდა იზრუნოს. ამ საქმეში კი, ტურში ერთი თამაშის ტრანსლირება არცთუ მიუღწეველი ფუფუნებაა. ამ მხრივ რა ხდება - რატომ ვერ ხდება შეთანხმების მიღწევა ადგილობრივ ტელეარხებთან?
- დავიწყოთ იქედან, რომ კონკრეტულად ეს პროდუქტი არაა მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე. როცა მას იმდენი კლიენტი ეყოლება, ტელევიზიებსაც გაუჩნდებათ მოთხოვნა, შესაძლოა, რიგიც დაგვიდგეს ფედერაციაში იმ ტელეკომპანიების, რომლებიც ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას მოგვთხოვენ.
მოდი, დავივიწყოთ გასული საუკუნის აღმასვლა - საბჭოთა კავშირის ჩემპიონები რომ ვიყავით და თასების თასი რომ ავიღეთ. ნუ ვიცხოვრებთ გუშინდელი დღით და დღევანდელზე ვისაუბროთ. ფეხბურთის პოპულარიზება დღეს ჩვენთან ნაკრების მეშვეობით ხდება. სინამდვილეში კი შიდა ჩემპიონატის მეშვეობით უნდა ხდებოდეს.
ჩვენ განა არ გვესმის, რომ კარგია, სავსე ტრიბუნები? სამწუხაროდ, ჩვენი ტელეკომპანიები არ არიან მზად იმისთვის, რომ ჩვენგან ტრანსლირების უფლება იყიდონ. პირველი ნაბიჯი, რომელიც უეფასთან ურთიერთობაში იქნება, როცა თქვენ, ჩვენ, ვინც გადასახადს ვიხდით და არსებობს არხი, რომელიც ჩვენი გადასახადებით საზრდოობს, მას უეფა დაურეკავს და ეტყვის – ნაკრების თამაშის ყურების უფლება რომ შენმა მაყურებელმა იყიდოს, მე უნდა გადამიხადო ესა და ეს თანხა. არ გადაიხდის? არ აჩვენებინებს!
აბა, წარმოიდგინეთ გერმანიაში რომ ნაციონალურმა არხმა ნაკრების ერთი თამაში არ უჩვენოს - ავღანეთი და სხვა საომარი ცხელი წერტილები მონაგონი იქნება. იქ არის ხალხი, რომელიც მზადაა, გადაიხადოს ფული მისი ქვეყნის ნაკრების თამაშის ყურებაში. იქ ასეთივე მზადყოფნაა ბუნდესლიგის მატჩების შემთხვევაშიც.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ანალოგიური რამ ცოტა განსხვავებულ მასშტაბებში ნაკრების მეშვეობით გავაკეთოთ. ხორვატიასთან თამაში ჩვენთვის უკვე წარსულია, მაგრამ ის ემოცია და გახარებული ხალხი ხომ დარჩა და ცხოვრობს. ისინი ხომ კიდევ მოინდომებენ ასეთი სიხარულის განცდას სხვა გუნდებთანაც? ჰოდა, თუ ხალხი ნაკრებისაკენ მოვაბრუნეთ, იმედი მაქვს ეროვნული ჩემპიონატის მიმართაც დავუბრუნებთ ინტერესს.
- ასეთი მოედნებით ჩემპიონატის პოპულარიზებაზე საუბარი დონკიხოტობას ხომ არ ჰგავს?
- ყველაფერს თანდათანობით გავაკეთებთ. ამ ხნის განმასვლობაში, რაც ფედერაციაში ვარ, ჩემი მეთოდიკა იყო ასეთი – ვისთანაც ვიმუშავე, არავისგან ფული არ ამიღია. ყველას ვეუბნები, ფული არ მინდა, მომეცი პროდუქტი. “სოკარი” მაძლევს ორ მოედანს, ღმერთმა მშვიდობა ქნას და კიდევ მოვიგოთ რამდენიმე თამაში, შემდეგ კონტრაქტში უკვე სამ მოედანს ჩავუდებ.
“ქართუსთან” ურთიერთობაში სულაც არ მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ მათ ჩვენთვის ბაზა უნდა გაეკეთებინათ. მათ მითხრეს, რომ შეუძლიათ რაღაც გარკვეული თანხა მოგვცენ. მე ვუთხარი, რომ ფული არ მინდა, საქმე გამიკეთე-მეთქი. აბა, ნახეთ როგორი ბაზა გვაქვს. შეიძლება, ხვალ-ზეგ კიდევ ერთი “სოკარი” და “ქართუ” გამოჩნდეს.
დღეის მდგომარეობით თუ უეფადან ჩვენი ფედერაცია წელიწადში 750 ათას დოლარამდე იღებს, დარწმუნებული ვარ, როცა ტელეტრანსლირებასაც ისინი გაუკეთებენ ორგანიზებას, ერთი მაგდენს კიდევ მივიღებთ. ავდგები და იმ მეორე ნახევარს შიდა ჩემპიონატის პოპულარიზებას მოვახმარ.
- თითქმის ყველა რეგიონში ჩნდება ახალი სტადიონის გაჩენის პერსპექტივა, მაგრამ სამეგრელოს, საიდანაც 2 გუნდია უმაღლეს ლიგაში და ალბათ, წლეულს მესამეც დაემატება, ნაკლები ყურადღება ხვდება.
- იმიტომ არსებობს აღმასკომი, რომ ჩვენამდე მოიტანოს სად რა უჭირთ. საბედნიეროდ, ყველა რეგიონული ფედერაციის წარმომადგენელია შესული მის შემადგენლობაში, რაც მანამდე არ ყოფილა. იმიტომაა იმ აღმასკომში მათი კაცი, რომ მან ყველასთან მოიტანოს პრობლემა განსახილველად .     
ყველასაგან მომივიდა არსებული სტადიონების სქემები და მდებარეობა. როგორც კი გაგვიჩნდება პირველი ფული, დავსხდებით და აღმასკომმა უნდა გადაწყვიტოს, სად გაკეთდეს პირველი სტადიონი.
- რეგიონულ ფედერაციებს კვლავ დიფერენცირებული დაფინანსება ექნებათ, თუ იმის მიხედვით - ვინ რას აკეთებს?
- არა, ახალი პროექტი მაქვს, რომელიც უნდა გავაცნო ყველას მას შემდეგ, როცა აღმასკომს გადავირჩევთ.
ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ყველა ფედერაციების ერთიანი ანგარიში და ყველა საშეჯიბრო ფული მოხვდეს მასზე. იცით, რამდენი ფული შემოდის ფედერაციებში წელიწადში ბავშვთა ტურნირების საშეჯიბრო თანხისთვის? 960 ათასი ლარი. შეუკვეთე მედლები, მსაჯების მომსახურება და მერწმუნეთ, ეს ფედერაციები ჩემს სქემას თუ გაჰყვებიან, წელიწადში 200 ათასი ლარი მაინც გადარჩება. გავაკეთოთ ერთი ბუღალტერია და ეს მორჩენილი თანხა მივცეთ მას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და ვიცით, რომ იქ ამ ფულით დიდი საქმე გაკეთდება.
მაქვს პროექტი, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ბაზაზე 2 მაღაზიის გაკეთებას ითვალისწინებს - აქ გაიყიდება ყველა ქართული კლუბის უნიფორმა. დამამზადებელს უნდა დავუდოთ ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება, რომ გაყიდულიდან 10 პროცენტი იმ გუნდს მისცეს, ვისი მაისურიც გაიყიდა. დამიჯერეთ, ეს კლუბებს დაეხმარება. ერთი წლის შუქის ფულს მაინც ხომ დაფარავს ეს ფული? მგონი პატარა შეღავათი არ უნდა იყოს.
ჩვენ რომ ახლა სპორტული სკოლების ლიცენზირებას ვიწყებთ, იქ უმთავრესი მოთხოვნა იქნება, რომ ჰყავდეთ ლიცენზირებული მწვრთნელი; ჰქონდეთ ან საკუთრებაში, ან იჯარაში მოედანი, ყველა ვარჯიშზე ექიმი და სუფთა იურიდიული საბუთები. მშობელმა უნდა იცოდეს რაში და რატომ იხდის იგი ფულს. თორემ იცით, როგორ გამოდის? ნელ-ნელა ამ სპორტსკოლებში “რეკეტიორებს” ემსგავსებიან.
- იყო დაუწერელი კანონი, რომ ბიუჯეტის თანხებით დაფინანსებული გუნდები უმაღლეს ლიგაში არ დაიშვებოდნენ. თუმცა, იმის გამო რომ მეცენატები ადგილობრივ ფეხბურთს არ სწყალობენ, კვლავ ყველაფერი უკან ბრუნდება.
- იყო ნოდარ ახალკაცის გამოცემული ასეთი ბრძანება, რომელიც 2009 წლის დეკემბერში გავაუქმე. საკმაოდ ბევრი უცხოური კლუბი შემიძლია დავასახელო, რომლებიც მუნიციპალიტეტიდან ფინანსდებიან. საფრანგეთში გუნდების ნახევარზე მეტი მუნიციპალურია, რუსეთში - 90%.
რას ნიშნავს მუნიციპალური სარგებლობა? ესაა რაიონის, თუ ქალაქის სოციალური პროგრამა, რომელიც ამა თუ იმ დარგის განვითარებას უწყობს ხელს. თუ ხალხს დახმარება სურს, თავიანთ ქალაქს თუ რეგიონს დაეხმარონ და გუნდი უნდათ არჩინონ, ხელი რატომ უნდა შევუშალო? მე მხოლოდ იმის წინააღმდეგი ვარ, რომ 100%-ით მუნიციპალიტეტი აფინანსებდეს გუნდს.
- კონკრეტულად რაში უნდა ეხმარებოდეს მუნციპალიტეტი კლუბს?
- ინფრასტრუქტურის განვითარებაში და სამეურნეო საკითხებში. სპონსორებს რაც შეეხება, ისინი უკვე მას შემდეგ გამოჩნდებიან, როცა რეალურ ძალას დაინახავენ ამა თუ იმ კლუბში - თუ შედეგი და პერსპექტივა არ დაინახა ბიზნესმენმა, სხვაგვარად იგი ფულს ფეხბურთში არ ჩადებს.
პოპულარიზაცია მაშინაა კარგი, როცა შენ საკუთარი ქალაქის, თუ რაიონის ფეხბურთს ანვითარებ. ჩვენ ჯერ არა ვართ მზად იმისთვის, რომ ჩვენთან რობერტო კარლოსმა და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავმა ითამაშოს. მით უფრო, ცდილობ, სახელმწიფოს მოატყუო მაშინ, როცა ფეხბურთელის გაყიდვის რეალურ კონტრაქტს არ აჩენ და გადასახადს მალავ.
არ მინდა, დავაკონკრეტო გვარები, იტყვიან ვინმეს წინააღმდეგ გამოდისო, მაგრამ რუსეთში რომ ამდენი ქართველი თამაშობს, მათში პირობითად 3 კაპიკი მაინც ხომ იყო აღებული? მიეცი ამ თანხის კუთვნილი პროცენტი სახელმწიფოს, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვისას რომ გაანაწილებს ფულს მუნუციპალიტეტებზე, ის ფული ისევ შენ დაგიბრუნდება უკან.
მე რომ ვთქვა, ყველა კლუბს გავალდებულებთ ფედერაციის სოლიდარობის ფონდში, ხელმოწერილი კონტრაქტებიდან 5% მოიტანეთ-მეთქი, ყველა იტყვის, რომ ეს “რეკეტიორი” ყოფილაო. ვკითხულობ - რატომ? ამას ხომ ფიფას კანონები ავალდებულებს ყველა კლუბს? სატრანსფერო ვადის ბოლო დღეებში რომ გვირეკავ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კლუბს ხელი შევუწყოთ კონტრაქტის დროულად გაფორმებაში, მაშინ ხომ ვართ კარგი ბიჭები? როცა სოლიდარობის თანხას ვითხოვთ - “რეკეტიორები”?
მე ჰაერზე საუბარი არ მიყვარს და დამიჯერეთ, რაც ამ ბოლო ერთ წელიწადში შევისწავლეთ, იმის 10 პროცენტი არაა, რა ტრანსფერებიც რეალურად განხორციელდა ქართული გუნდებიდან.
კლუბები იმაზე ოცნებობენ, ოღონდ ევროპაზე გავიდნენ და იქ თუნდაც ყველა თამაში წააგონ - გასვლისთვის ხომ ეკუთვნის ფული და იმითაც კმაყოფილია. მაგრამ იმას კი აღარ ანგარიშობენ, იქ თამაშები მოიგონ და მეტი ფული მიიღონ. წარმოიდგინეთ, რამდენად ღარიბი ჭკუის ხალხი ვართ, რომ წინ არ ვიხედებით.
ჩვენი საკლუბო ფეხბურთის პოპულარიზაცია მაშინ მოვა, როცა ქართული გუნდი რომელიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. “ზესტაფონი” ყველანაირად მაგარი გუნდია და ის რომ გავიდოდეს ჯგუფში, პოპულარიზაცია და ფეხბურთის ბუმი მერე ნახეთ საქართველოში. მასთან ერთად კიდევ რომელიმე გუნდი რომ მოახერხებდეს ამას, კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი იქნება.     

ფრიდონ კერვალიშვილი
თბილისი-თელ ავივი-თბილისი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090386