ფეხბურთი

19:33 | 7.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილი: "ამ სტადიონთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოგონებები მაქვს"
"გამორჩეული ხასიათი და ძლიერი მენტალიტეტი აქვს"

გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგის“ ფეხბურთელია. კონტრაქტზე ხელის მოწერისა და ტრანსფერის დადასტურების შემდეგ ქართველმა მცველმა კომენტარიც გააკეთა.

როგორც 24 წლის გოჩოლეიშვილმა აღნიშნა, ძალიან ბედნიერია და ერთი სული აქვს, გუნდში თამაში დაიწყოს:

„ძალიან მიხარია, რომ „ჰამბურგში“ გადავედი. მოუთმენლად ველი დაწყებას და ჩემს ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას. დონეცკის „შახტარში“ თამაშის პერიოდიდან ამ სტადიონთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოგონებები მაქვს. ახლა, როგორც „ჰამბურგის“ ფეხბურთელმა, აქ მეტი შესანიშნავი გამოცდილება მინდა მივიღო და ყველაფერს გავაკეთებ“, - თქვა გიორგიმ.

გარდა ამისა, ისაუბრეს „ჰამბურგის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა შტეფან კუნცმა და სპორტულმა დირექტორმა კლაუს კოსტამ:

„გიორგის შემთხვევაში, ვიმატებთ ფეხბურთელს, რომელსაც გამორჩეული ხასიათი და ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ის ცნობილია, როგორც ნამდვილი გუნდური მოთამაშე შესანიშნავი შრომისმოყვარეობით. ყველა ამ თვისებით, ის დიდი ფასეულობა იქნება არა მხოლოდ ჩვენი დაცვისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის, როგორც სპორტული, ასევე პირადი თვალსაზრისით“, - თქვა HSV-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა შტეფან კუნცმა.

„გიორგი სწრაფი და ინტენსიური მცველია. ის გამოირჩევა მაღალი დონის თავდაცვითი უნარებით და კარგი აგრესიით. მას ასევე აქვს შესანიშნავი უნარები კონტრშეტევაზე გადასვლისთვის და შეუძლია მუდმივად შეცვალოს შეტევის მიმართულება. თავისი თვისებებით, გიორგი ძალიან კარგად ერგება ჩვენი გუნდის პროფილს“, - აღნიშნა „ჰამბურგის“ სპორტულმა დირექტორმა კლაუს კოსტამ.

შეგახსენებთ, 24 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი გასულ სეზონში იჯარით დანიურ „კოპენჰაგენში“ თამაშობდა, სადაც 33 მატჩში 1 გოლით გამოირჩა, კარიერა კი, „საბურთალოში“ დაიწყო, ხოლო „შახტარში“ 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში მას 14 თამაში აქვს ჩატარებული.

„ჰამბურგი“ 9 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს „მალიორკასთან“ გამართავს, ხოლო ბუნდესლიგის პირველ ტურში 24 აგვისტოს, „გლადბახს“ ესტუმრება. გოჩოლეიშვილს "ჰამბურგის" სტადიონთან კარგი მოგონებები აქვს: "ფოლკპარკშტადიონზე" სამი მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და "ბარსელონას" წინააღმდეგ საგოლე პასიც გააკეთა. გარდა ამისა, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ამ სტადიონზე დაუპირისპირდა ჩეხეთის ნაკრებს.

ტოპლიგებში ახალ სეზონში დღევანდელი მოცემულობით 9 ქართველი ითამაშებს: ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი) და გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), სერია A-ში საბა გოგლიჩიძე (უდინეზე) და საბა საზონოვი (ტორინო), პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი (ორივე მეცი) და გიორგი მიქაუტაძე (ლიონი).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090373