ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონის შემდეგ ნორვეგიის და კვიპროსის ჩემპიონები გავიდნენ.
გრაცის „შტურმმა“ ზედიზედ მეორედ ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე გასვლა, რადგან ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ სტუმრად 0:5 წაგების შემდეგ შინ სიტუაცია ვერ შეცვალა. ავსტრიის ჩემპიონმა საპასუხო შეხვედრა 2:1 კი მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 2:6 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 58 წუთის განმავლობაში იყო. „ბოდო გლიმტი“, რომელიც გასულ სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ისტორიაში პირველად.
კვიპროსულმა „პაფოსმა“, რომელიც სულ რაღაც 11 წლის წინ დაარსდა, წინა ეტაპზე კიევის „დინამოს“ აჯობა, პლეი-ოფში კი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“. კვიპროსელებმა უპირატესობა სერბეთში მოიპოვეს, სადაც 2:1 მოიგეს. საპასუხო მატჩში „ცრვენა ზვეზდა“ მე-60 წუთზე დაწინაურდა და ახლოს იყო დამატებით დროსთან, მაგრამ 90-ე წუთზე ჟაჟამ წარმოუდგენელი სილამაზის გოლით გაიტანა - 1:1. ორი მატჩის ჯამში „პაფოსმა“ 3:2 იმარჯვა. ის „ანორთოსისა“ და „აპოელის“ შემდეგ მესამე კვიპროსული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.
ასე რომ, დღეს გაირკვა ფაზის ეტაპის სამი მონაწილე და სამივე დებიუტანტია - ალმატის „კაირატი“, „პაფოსი“ და „ბოდო გლიმტი“.
ოთხი მატჩი ოთხშაბათს გაიმართება, ხოლო 28 აგვისტოს, ფაზის ეტაპის წილისყრა შედგება.









