"პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბერგამოს "ატალანტას" უმასპინძლებს და ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას დაიწყებს.
პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა:
„ატალანტამ“ ამ ზაფხულს მწვრთნელი შეიცვალა და ჩვენთვის რთული იქნება იმის პროგნოზირება, თუ როგორ ითამაშებენ ისინი. თუმცა, ვსაუბრობთ რთულ გუნდზე, რომელიც მაღალ პრესინგს თამაშობს, იცის ბურთის გამოყენება და ხარისხიანი მოთამაშეები ჰყავს. იტალიური გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მოგვიწევს მოწინააღმდეგის თამაშის სტილთან ადაპტაცია, თუმცა ეს ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.
ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელს შეუძლია გაუმჯობესება ინდივიდუალურად, მაგრამ ასევე გუნდურად. ამჟამად ბევრი ტრავმირებულია გუნდში, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა გუნდის მენტალიტეტს, რათა ეს გადავლახოთ. ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი თავდაჯერება გვაქვს, ვიდრე გასულ სეზონში ამ დროს.
პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველთვის ყველაზე რთულია, რადგან როდესაც ეს ტურნირი მოგებული არ გაქვს, ფეხბურთელები და გულშემატკივრები არ ფიქრობენ, რომ ეს შეგიძლია. ახლა მათ იციან, რომ შესაძლებელია. შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ მენტალიტეტით, შევძლებთ გაუმჯობესებას და შესანიშნავი სეზონის ჩატარებას.
ევროპის ჩემპიონები ვართ და ისეთი ქალაქისთვის, როგორიც პარიზია, ისეთი კლუბისთვის, როგორიც „პარი სენ-ჟერმენია“, ასეთი გულშემატკივრებით, უნდა გქონდეს ეს ამბიცია და ჩვენი მიზანია მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგება, რათა კიდევ უფრო მეტი ისტორია დავწეროთ. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ამბიციურები უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც. ყოველთვის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ, ეს ჩვენი მენტალიტეტია“, - თქვა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ატალანტას“ მატჩი 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.