საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე B დივიზიონში უკრაინის, უნგრეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს შეხვდება.
ერთი შეხედვით, ადვილი ჯგუფი არ არის, მაგრამ არც დაუძლეველი. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. თუმცა, საქართველოს მეტოქეებთან წარსული დადებითად გასახსენებელი ნამდვილად არ აქვს.
უკრაინას საქართველოს ნაკრები ყველაზე უკეთ იცნობს: 11 მატჩი, 0 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება. ეს ნაკრებები წინა ერთა ლიგაზეც ერთ ჯგუფში იყვნენ. მაშინ პოლონეთში უკრაინამ 1:0 მოიგო, ხოლო ბათუმში გუნდები დაზავდნენ - 1:1. საქართველოს ქულა გიორგი მიქაუტაძის გოლმა მოუტანა.
ასევე იყო ორი გადაკვეთა საკვალიფიკაციო ეტაპებზე: მსოფლიოს 2006 ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინამ ლვოვში 2:0 მოიგო, ხოლო თბილისში მატჩი 1:1 დასრულდა. ორი წლის შემდეგ, ევრო 2008-ის შესარჩევში, კიევში, უკრაინამ 3:2 გაიმარჯვა, თბილისში ისევ 1:1 დაფიქსირდა. დანარჩენი ხუთი მატჩი ამხანაგური ხასიათის იყო. 1998 წელს უკრაინამ 4:0 მოიგო, ერთი წლის მერე 1:0, 2002 წელს 2:1 გაიმარჯვა, ხოლო 2015 წელს - კვლავ 2:1. ერთ სპარინგში, რომელიც 2001 წელს შედგა, გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.
საქართველოს ნაკრების მხრიდან უკრაინასთან გოლები ლადო ბურდულის, გიორგი გახოკიძის, შოთა არველაძის, გიორგი დემეტრაძის, დავით სირაძის, მათე ვაწაძისა და გიორგი მიქაუტაძის აქტივსია.
საქართველო - უკრაინა: 0 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება (7:18 ბურთების ბალანსი)
უნგრეთის ნაკრებს საქართველო ორჯერ შეხვდა. 2002 წლის მუნდიალის შესარჩევში. ორივე მატჩი 2001 წელს გაიმართა - ივნისში, ბუდაპეშტში მეტოქემ 4:1 მოიგო, ხოლო სექტემბერში, საქართველოს ნაკრებმა თბილისში მეტოქესთან სრულფასოვანი რევანში აიღო - 3:1. ეს არის ერთადერთი მოგება მომავალ მეტოქეებთან. საქართველოს ნაკრების მხრიდან უნგრეთის კარში გოლების ავტორები ლევან კობიაშვილი, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული და ალექსანდრე იაშვილი არიან.
საქართველო - უნგრეთი: 1 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება (4:5 ბურთების ბალანსი)
საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ ირლანდიასთან ოფიციალურ მატჩებში აქამდე არასდროს უთამაშია, მხოლოდ ერთხელ შეხვდა ამხანაგურად. 2008 წელს მეტოქემ 4:1 მოიგო. ერთადერთი გოლი ჩრდილოეთ ირლანდიელმა დევიდ ჰილმა საკუთარ კარში გაიტანა.
საქართველო - ჩრდ. ირლანდია: 0 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება (1:4 ბურთების ბალანსი)
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. ჯერჯერობით, ზუსტი კალენდარი უცნობია.







