სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:24 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "არ დავუშვებ, რომელიმე ფეხბურთელმა იფიქროს, რომ კლუბზე მაღლა დგას!"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რენთან“ მარცხის (1:3) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მან მკაცრად უპასუხა უსმან დემბელეს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ფეხბურთელები საკუთარი თავისთვის თამაშობენ და არა გუნდისთვის. როგორც ლუის ენრიკემ აღნიშნა, ის ამას არ დაუშვებს.

„რთულია ანალიზის გაკეთება, რადგან ვფიქრობ, პირველ ტაიმში ვდომინირებდით, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ტაიმი 0:1 წავაგეთ. ამის შემდეგ ბევრი მომენტი ისევ შევქმენით, თითქმის ოთხი მოსალოდნელი გოლი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიტანეთ, მაშინ როცა „რენს“ ორზე ნაკლები ჰქონდა, მაგრამ სამი გაიტანა. მათ მომენტები გამოიყენეს და გამარჯვება დაიმსახურეს. გაუმჯობესება გვჭირდება. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ეს შედეგი გუნდს თავდაჯერებულობას ამცირებს მოწინააღმდეგე გუნდი კი ასეთ დროს ფიქრობს, რომ გამარჯვება შეუძლია, რაც ჩვენთვის საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

დიახ, ყოველდღე ვნერვიულობ, რადგან მინდა, რომ გავაგრძელოთ გაუმჯობესება. ყოველდღე მეტს ვითხოვ ფეხბურთელებისგან. სამწუხაროა ეს მარცხი, რადგან კლასიკში, „მარსელთან“ ძალიან ზუსტები ვიყავით. დღეს კი პირიქით იყო. სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

დემბელეს კომენტარი, რომ გუნდურად აღარ ვთამაშობთ? ესპანურად გიპასუხებთ... ფეხბურთელების განცხადებები მატჩის ბოლოს უსარგებლოა, აბსოლუტურად უსარგებლო. არ ვაპირებ ვუპასუხო ფეხბურთელის კომენტარებს! არასდროს დავუშვებ, რომ რომელიმე ფეხბურთელი კლუბზე მაღლა იდგეს. ეს ნათელია, გარანტიას გაძლევთ! გუნდზე პასუხისმგებელი პირი მე ვარ. არ დავუშვებ, რომ რომელიმე მოთამაშემ იფიქროს, რომ ის კლუბზე უფრო მნიშვნელოვანია. არავინ დგას კლუბზე მაღლა, არც მე, არც სპორტული დირექტორი, არც პრეზიდენტი. ასე რომ, მსგავსი კომენტარები უსარგებლოა. უბრალოდ, ეს არის განცხადება ემოციურ ფონზე, მარცხით გამოწვეული იმედგაცრუების გამო“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ 51 ქულით ჯერჯერობით ლიდერია, ტურის დასრულების შემდეგ შეიძლება აღარ იყოს, თუ „ლანსი“ თავის მატჩს მოიგებს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში ქართველების „მეცს“ უმასპინძლებს, მაგრამ იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

0.152045