ფეხბურთი

1:29 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" გაისეირნა, "ატლეტიკომ" ისევ დიდი ანგარიშით მოიგო

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.

მიუნხენის „ბაიერნი“ ტურნირის დებიუტანტ „პაფოსს“ ესტუმრა და დაგეგმილი ქულები მოიპოვა. პირველივე ტაიმში ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა, თითოჯერ რაფაელ გარეირომ და ნიკოლას ჯექსონმა შეაგდეს, ხოლო შესვენების შემდეგ მაიკლ ოლისემ ორ საგოლე პასს გოლიც დაუმატა. კვიპროსის ჩემპიონისთვის ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ ტურნირზე სადებიუტო გოლი გაიტანა, რომელიც ძალიან ლამაზი გამოუვიდა მისლავ ორშიჩს. „რეკორდმაისტერმა“ 5:1 მოიგო, 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ბრიუგეს“ უმასპინძლებს, ხოლო „პაფოსი“ ერთი ქულით იწონებს თავს და „კაირატს“ ესტუმრება.

ლონდონში ჟოზე მოურინიო დაბრუნდა, კერძოდ, „სტემფორდ ბრიჯზე“, სადაც „ჩელსის“ ფანებმა უმღერეს. თუმცა, მისი „ბენფიკა“ ინგლისურ კლუბთან დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. „ბენფიკა“ უქულოდაა და მომდევნო ტურშიც ინგლისში ითამაშებს, ოღონდ „ნიუკასლთან“, ხოლო „ჩელსის“ მონაგარი 3 ქულაა და „აიაქსს“ უმასპინძლებს.

ზედიზედ მეორედ მოიგო მილანის „ინტერმა“, რომელმაც პრაღის „სლავია“ ლაუტარო მარტინესის დუბლით და დენზელ დუმფრისის გოლით ძალიან ადვილად, 3:0 დაამარცხა. კრისტიან კივუს გუნდს 6 ქულა გააჩნია და მომდევნო ტურშიც ფავორიტი იქნება - სტუმრად „უნიონ სენ-ჟილთან“. „სლავიას“ ერთი ქულა აქვს და „ატალანტას“ უნდა ესტუმროს.

მარსელის „ოლიმპიკმა“ შინ ამსტერდამის „აიაქსი“ გაანადგურა - 4:0. რობერტო დე ძერბის გუნდი კარგ ფორმაში შედის, რაც დაამტკიცა. იგორ პაიშაომ დუბლი საწყის 12 წუთში შეასრულა, შემდეგ მეისონ გრინვუდმა და პიერ-ემერიკ ობამეიანგმაც გაიტანეს. „მარსელს“ სამი ქულა აქვს და „სპორტინგს“ ესტუმრება, ხოლო უქულოდ მყოფი „აიაქსი“ „ჩელსის“ ესტუმრება.

მადრიდის „ატლეტიკო“ „რეალის“ განადგურების შემდეგ, როგორც ჩანს, თავისი თამაში იპოვა და ფრანკფურტის „აინტრახტიც“ გაანადგურა - 5:1. მეორასე გოლი გაიტანა „როხიბლანკოს“ მაისურით ანტუან გრიზმანმა, პირველი - ჯაკომო რასპადორიმ, ხოლო ხულიან ალვარესი მოედნიდან უგოლოდ ისევ არ გასულა. „ატლეტიკოს“ სამი ქულა აქვს და მომდევნო მეტოქე „არსენალია“, ხოლო „აინტრახტის“ აქტივშიც 3 ქულაა. სხვათა შორის, გერმანულმა კლუბმა წინა ტურში 5:1 მოიგო და ახლა 1:5 წააგო. ფრანკფურტელები მომდევნო ტურში „ლივერპულს“ უმასპინძლებენ.

ლონდონის „ტოტენჰემი“ ნორვეგიის ჩემპიონ „ბოდო გლიმტთან“ მარცხს გადაურჩენ. პეტერ ჰაუგეს დუბლით ნორვეგიელები შინ 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლოს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ქულას დასჯერდნენ - 2:2. „ბოდო გლიმტს“ ორი ქულა აქვს და „გალათასარაის“ ესტუმრება, ხოლო „ტოტენჰემის“ აქტივში 4 ქულაა, მომდევნო მეტოქე - „მონაკო“.

„პაფოსი“ – „ბაიერნი“ 1:5 (1:4)

გოლები: 0:1 კეინი (15), 0:2 გერეირო (20), 0:3 ჯექსონი (31), 0:4 კეინი (34), 1:4 ორშიჩი (45), 1:5 ოლისე (69)

„ატლეტიკო“ – „აინტრახტი“ 5:1 (3:0)

გოლები: 1:0 რასპადორი (4), 2:0 ლე ნორმანი (33), 3:0 გრიზმანი (45), 3:1 ბურკარდტი (57), 4:1 სიმეონე (70), 5:1 ალვარესი (82, პენ)

„ბოდო გლიმტი“ – „ტოტენჰემი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ჰაუგე (53), 2:0 ჰაუგე (66), 2:1 ვან დე ვენი (68), 2:2 გუნდერსენი (89, ა.გ)

„ჩელსი“ – „ბენფიკა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 რიოსი (18, ა.გ)

„ინტერი“ – „სლავია“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლაუტარო (30), 2:0 დუმფრისი (34), 3:0 ლაუტარო (65)

„მარსელი“ – „აიაქსი“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 პაიშაო (6), 2:0 პაიშაო (12), 3:0 გრინვუდი (26), 4:0 ობამეიანგი (52)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094375