ბლოგი

10:25 | 09 იანვარი, 2010

მოსაკითხი დელ პიეროსათვის

სამი წლის წინ, ახალი წლის წინა დღეებში, ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ალესანდო დელ პიეროს დიდი გულშემატკივარია, ინტერნეტის საშუალებით “დელპოს” ტურინული მისამართი გაიგო, ნათესავს ხურჯინი მოაქსოვინა, შიგნით ჩურჩხელები, ქართული ღვინო, კარალიოკის ჩირი და ასეთი წმინდა ქართული რამე რუმეები ჩააწყო და დაზღვეული ამანათით მთელი ეს ხორაგი წერილითურთ დელ პიროს გაუგზავნა.

11:34 | 04 იანვარი, 2010

კულინარიული ცდუნებანი

არავინ იცის, ვინ უფრო საბრალოა, უარმიო გენერალი, თუ გურმანი და სმა-ჭამის მოყვარული, მაგრამ დიეტაზე მჯდომი სპორტსმენი. მეტადრე თუკი სპორტმენი ქართველია და საცივ-ხინკალ-ბოზბაშ-ჩახოხბილები აქვს გასინჯული. საკუთარი წონის კონტროლი მოჭადრაკეების გარდა, თითქმის ყველა სახეობაში მოღვაწე სპორტსმენების ერთ-ერთი უპირველესი ვალია. და არა მხოლოდ ვალი... არ დაიცავ დიეტას და იმხელა ღიპის მფლობელი გახდები, ბურთის დევნა კი არა, ჩამუხვლაც კი დაგეზარება. გამოსავალიც არსაიდან ჩანს.

09:57 | 29 დეკემბერი, 2009

იმედების დღესასწაული

ახალი წელი ქართველებისთვის მართლაც იმედების დღესასწაულია. სწორედ ამიტომაც ამბობენ, რომ ეს დღე ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ და ახალი წელი პატარების დღეაო. ჰოდა, რაკი ახალი წელი უპირატესად ბავშვების დღეა, ამ დღეს ყველა ცოტათი მაინც უნდა გავბავშვდეთ, საახალწლო ოცნებებსა და სურვილებს მეტი გასაქანი მივცეთ და ვიოცნებოთ იმაზე, რომ 2010 წელი ქართული სპორტისთვის იმაზე ბევრად წარმატებული იქნება, ვიდრე ამის წარმოდგენა, პროგონოზირება და ვარაუდების გამოთქმა შეგვეძლო.

11:08 | 21 დეკემბერი, 2009

უკეთესის მოლოდინში

როდესაც წელიწადი მთავრდება, ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანები წლის შედეგებს აფასებენ და წლის ავ-კარგის “დაჩოთქვაც” იწყება. მიწურული 2009, ქართულ სპორტში, უდავოდ, ერთ-ერთი საინტერესო წელი იყო და თუკი გასული წლის ნომინანტებისა და მოვლენების შერჩევას დავიწყებთ, 2009 წლის ყველაზე დიდ გამარჯვებად, გნებავთ დიდ მიღწევად, ქართველი მორაგბეების შესანიშნავი ასპარეზობა შეიძლება დასახელდეს. წლის პირველ მესამედში საქართველოს ნაკრები, არსებობის ისტორიაში, პირველად გავიდა მსოფლიო სარაგბო რეიტინგის მე-13 ადგილზე.

10:11 | 18 დეკემბერი, 2009

მომთმენი მოგებულია!

რუქნადინის მიერ თამარ მეფისადმი გაგზავნილ წერილში არ იყო იმხელა ბოღმა და ცინიზმი, როგორც “ლივერპულის” ქომაგების მიერ რაფა ბენიტესისადმი მიწერილ უსტარში. ერთი სიტყვით, სრულიად ლივერპულს ყელში ამოუვიდა ლოყაწითელი ესპანელის გუნდის მარცხების სერია და მოუწოდებენ, საიდანაც ჩამოსულა, ისევ იქ დაბრუნდეს.  ასეთ დროს, რა თქმა უნდა, აღარავის ახსოვს, მწვრთნელების დამსახურება და ძველი დიდების კოცონიდან, მინავლებული ნაკვერჩხალიც კი ყველას ავიწყდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გამყვანი მწვრთნელის დაფასებას ვერ მოსთხოვ დღევანდელი დღით მცხოვრებ ზოგიერთ ევროპელ ქომაგს, რომელსაც ხშირად მთელს წარსულ ბრწყინვალებას, მომავალ სათასო მატჩში “ქრიუს” ძლევა ურჩევნია. პრაგმატიკოსი კაცისთვის ავტორიტეტები, ან გაყვითლებული წიგნებიდან უნდა იმზირებოდნენ, ანდა დღესაც წარმატებულნი უნდა იყვნენ. მოქმედ წარუმატებელ მწვრთნელს კი, წარსული დიდების დავიწყება და გინებათა ქარაშოტი გარანტირებული აქვს.

09:45 | 14 დეკემბერი, 2009

"დედაშვილობა" სამხრეთ აფრიკაში

“ცხოვრება ძალზედ ხანმოკლეა იმისთვის, რომ ადამიანმა ცუდი ღვინო დალიოს” - სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ, რატომღაც ეს სიტყვები გამახსენდა. ალბათ, იმიტომ, რომ ფეხბურთის მოყვარულ ხალხს ცხოვრება ბევრად უფრო ხანმოკლედ მოეჩვენებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატიდან მომდევნო ჩემპიონატამდე არსებულ 4-წლიან ციკლს ისევ და ისევ მომავალი ჩემპიონატის ხილვის სურვილი და ამ სურვილის თანმხლები, სიამოვნებისაგან ხელების ფშვნეტა რომ არ ავსებდეს.

10:50 | 07 დეკემბერი, 2009

მეწამლიები

“გეიგე, ჩვენს ფეხბურთში რომ მეწამლიე ხალხი ყოფილა?” “შენც ახლა რამე ახალი არ მითხრა... მაი ამბავი ხომ ყველამ იცოდა”. “ჰოდა, თუ ყველამ იცოდა, რეიზა არ გაამხილეს? შეეშინდათ თუ რაია?” “ახლა თუ გაამხილეს, გგონია რამე შეიცვლება? გასკვანჩავენ 2-3 კაცს, დეიწყება ერთი ოცობოდია და ბოლოს ყველაფერი ისევე გაგრძელდება რავარც აქამდე იყო” - ეს დიალოგი თბილისი-ფოთის მატარებელში ორ ახალგაზრდა იმერელ ბიჭს შორის შედგა. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ ამ ორ ყმაწვილკაცს, ისევე როგორც ქართველი გულშემატკივრების დიდ ნაწილს, ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს აგორებულ ნარკო-სკანდალთან დაკავშირებით ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ და ფიქრობენ, რომ სიტუაციის გამოსწორება არათუ ძნელი, დიდი შანსია, შეუძლებელიც კი იყოს...

10:41 | 30 ნოემბერი, 2009

მესამე საფეხბურთო ომის მოლოდინში

მსოფლიოს 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული 32 გუნდის ვინაობა უკვე კარგა ხანია გაირკვა და გულშემატკივრები ახლა უკვე იმაზე მსჯელობენ, იღბალი და განგების ძალა რომელ ნაკრებს როგორ ჯგუფში უკრავს თავს, თუმცა, როგორც ჩანს, საფლეიოფო ციებ-ცხელება ბოლომდე ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამის მიზეზი, უპირველესად, სუდანში, აფრიკის ზონის ფლეი-ოფის მატჩი აღმოჩნდა.

09:52 | 27 ნოემბერი, 2009

სასწაულების ძიებაში

ჩვენ, კარგა ხანია, სასწაულების ქვეყანაში ვცხოვრობთ - ისეთი სასწაულების ქვეყანაში, სადაც უკვე აღარავის უკვირს უჩვეულო მოვლენების სიმრავლე და მრავალსახეობა. ასეთი მოვლენები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დასტურ ამისა, გირჩევთ, გადაშალოთ ყვითელი, ანდა ცოტათი მოყვითალო ქართული ჟურნალ-გაზეთების ის გვერდები, სადაც სპორტზე წერენ და დააკვირდეთ, თუ როგორ ყოველდღიური პოლიტიკური ამბებივითაა მათში ლამაზად აღწერილი ტყუილ-მართალი სასწაულები, უფრო მეტად კი, სასწაულის მხილველი ადამიანების ისტორიები და ყოველ ნომერში წყალივით მოჩუხჩუხებს სპორტული საოცრებების, ანუ დაუჯერებელი ამბების ბწკარ-ბწკარი ჩამონათვალი.

11:06 | 23 ნოემბერი, 2009

ჟოზეს გული

არამხოლოდ ევროპის, მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც კი, ძალიან ძნელია პორტუგალიის მსგავსი უცნაური ქვეყანა ნახოთ. შესანიშნავი მდებარეობისა და საკმაოდ დიდი კოლონიური წარსულის ქვეყანა მაშინაც კი არ იყო მდიდარი, როდესაც პორტუგალიის დროშიანი კარაველები და ფრეგატები ოკეანეს კიდით-კიდამდე სერავდნენ და გეოგრაფიული აღმოჩენები აღმოჩენებს მისდევდა. ლისაბონის საშინელ მიწისძვრამდეც კი, საყოველთაო გაჭირვება პორტუგალიაში იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ დღესაც, როდესაც პორტუგალია ევროკავშირის ფართო კალთებქვეშაა შეფარებული, ყველა აღიარებს, რომ ევროპის ეკონომიკურ “ყულაბაში” პორტუგალიას ბევრი არაფერი შეაქვს და რომ არა ამ ქვეყნის ნაღდი ევროპულობა, ვინ იცის, პორტუგალიელებს, ეგებ, ჩვენს მსგავსად, დღემდე “მაპებზე” ან “მაპზე უკეთესებისათვის” ებრძოლათ.

10:15 | 20 ნოემბერი, 2009

სლოვენია მსოფლიოს ნაწილია! რუსეთი?

ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა გადამწყვეტი რომ იყოს, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატების ყველა ფინალი ინდოეთისა და ჩინეთის ნაკრებებს შორის გაიმართებოდა. როდესაც ფეხბურთზეა ლაპარაკი, მხოლოდ მშიშარა და რეგრესისტ ხალხს თუ აფრთხობს ის, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე “ვერზილა” ქვეყანაა და მისი მოსახლეობა ლამის 150 მილიონს აღწევს. ვისაც ასეთი სტატისტიკა არაფრად მიაჩნია, ისინი უზარმაზარი რუსეთისა და ციცქნა ჰოლანდიის ნაკრებებს ერთნაირი ჯიგრით ეთამაშებიან და რამე რომ იყოს, წირვასაც გამოუყვანენ.

<< პირველი<< წინა80818283848586შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.390639